20:36 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-28 15:59:32, 706 ნახვა

ეკონომიკა
ბაკურიანში ოთხ-სეზონური მთის კურორტის კონცეფციის განვითარება იწყება

ბაკურიანში ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-განვითარება იწყება. 

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით თანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გაფორმდა - საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს", ასევე ეკონომიკის სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიას" და "თიბისი ჯგუფის" კომპანია "ჯიარდისი ჰოლდინგში" შემავალ შპს "ახალ მიტარბს" შორის.

მემორანდუმს მთავრობის სახელით ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა ხელი.

მემორანდუმი ბაკურიანის და მიტარბის ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და განვითარებას ითვალისწინებს, კერძოდ დაინერგება ოთხ სეზონური მთის კურორტის კონცეფცია, რაც ხელს შეუწყობს მთის ტურიზმის შემდგომ პოპულარიზაციას საქართველოში.

ბაკურიანში "კოხტას მთაზე" მოხდება ახალი საბაგიროს დამონტაჟება, შუალედური სადგურით, რომლის მშენებლობა 2015 წლის ბოლოსთვის დასრულდება. მის მიმდებარე ტერიტორიაზე კი აშენდება 500 საწოლზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა - სასტუმროები, სასტუმროს ტიპის აპარტამენტები, კოტეჯები, კვების და გასართობი ობიექტები.

მიტარბში "კოხტა 2"-ის სახელით ცნობილ მთაზე დამონტაჟდება 2 საბაგირო და კოხტასთან დამაკავშირებელი საფეხმავლო საბაგირო, რომლის მშენებლობა 2016 წლის ბოლოსთვის დასრულდება. მიმდებარე ტერიტორიაზე კი აშენდება 300 საწოლზე გათვლილი ტურისტური ინფრასტრუქტურა.

"ჩვენი მხრიდან მოხდება 48 მილიონი ლარის ინვესტირება, ხოლო კერძო კომპანიის მხრიდან დაახლოებით 70 მილიონი ლარის. ეს იქნება ყველაზე თანამედროვე სტანდარტების ძალიან მაღალი დონის დაგეგმარებული და ახლიდან შექმნილი კურორტი. დასაქმდება ძალიან ბევრი ადგილობრივი ადამიანი. ეს ინვესტიცია არა მხოლოდ ამ კუთხეს, არამედ მთლიანად საქართველოს მოუტანს ძალიან დიდ სარგებელს. მე მიხარია, რომ ასეთი მოდელი პირველად ხორციელდება საქართველოში, საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის პარტნიორობის მოდელი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით კი, ბაკურიანის პროექტი არის ყველაზე მასშტაბური ბოლო 20 წლის ქართულ სინამდვილეში, როდესაც სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთობლივად იწყებს პროექტს.

"სამუშაოები უკვე დაწყებულია. წლის ბოლომდე იქნება დაყენებული საბაგირო გზები, არქიტექტურის პირველი მონახაზები უკვე გაკეთებულია, მუშაობენ უცხოელი სპეციალისტები მთის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და ეს იქნება პრინციპულად ახალი სიტყვა ქართული ტურიზმის განვითარებაში. ეს იქნება ყველაზე მაღალ სტანდარტზე დაფუძნებული კონცეფცია, ისეთი, როგორიც ჩვენ გვინახავს საფრანგეთის ალპებში, შვეიცარიაში, იტალიაში და ავსტრიაში, წამყვან სამთო-სათხილამურო ქვეყნების კურორტებში. აქ გაკონტროლდება არა მხოლოდ გენგეგმა, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია რა მასალით აშენდება", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საბაგიროს მშენებლობას სამთო-სათხილამურო ინფასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიული კომპანია "დოპელმაიერი" განახორციელებს. პროექტის განხორციელება მემორანდუმის გაფორმებისთანავე დაიწყება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics