12:50 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-03 16:45:18, 521 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრისა და ფოკელი ახალგაზრდების სვანეთში ვიზიტი დასრულდა

17-მა ფოკელმა მოსწავლემ იუსტიციის მინისტრთან ერთად სვანეთი და საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოინახულა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანი ფოკელ ბავშვებთან ერთად ფოთში, ქუთაისში, და ბოლოს, სვანეთში იმყოფებოდა.

ფოკელი ახალგაზრდები 27 ივლისს ფოთის იუსტიციის სახლის გახსნას დაესწრნენ. ორ მათგანს სწორედ ფოთში მიულოცეს  ქართულ უნივერსიტეტებში სტუდენტობა და წარმატებები უსურვეს. ამის შემდეგ ახალგაზრდები  მინისტრთან ერთად ქუთაისში გაემგზავრნენ და პრომეთეს მღვიმეს ესტუმრნენ.

მომდევნო დღეებში კი ახალგაზრდები მინისტრთან ერთად სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გურამ თიკანაძის ფოტოგამოფენის გახსნას დაესწრნენ.  გამოფენის გახსნაზე მოსწავლეებმა და სტუდენტებმა სვანური სიმღერები მოისმინეს ცნობილი ლოტბარის, ისლამ ფილფანის, გუნდის შესრულებით. თეა წულუკიანმა ახალგაზრდებს მესტიის მუზეუმი დაათვალიერებინა და იქ დაცული ქართული კულტურის უძველესი ნიმუშები გააცნო. ახალგაზრდებმა, ასევე, მოინახულეს სოფელი ლატალი და მისი უძველესი ტაძრები. ფოკელ მოსწავლეებს სვანეთში მინისტრთან ერთად მათი ქართული ენის პედაგოგი კლარა ფოცხვერაშვილი ახლდათ, რომელიც უკვე ათეულობით წელია, ფოკაში ემსახურება საქართველოს და ადგილობრივ ახალგაზრდებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის მინისტრი მიმდინარე წლის ივნისში ფოკაში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ უკვე კარგად ფლობდნენ სახელმწიფო ენას და საქართველოს სხვა რეგიონების გაცნობის სურვილი გამოთქვეს. მინისტრი მათ შეჰპირდა, რომ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, შვედეთის საერთაშორისო განვითარების  სააგენტოს (SIDA) პროექტის − „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით“ − ფარგლებში, ფოკის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სვანეთში მოგზაურობას შესთავაზებდა. ეს ვიზიტი მართლაც შედგა და რამდენიმე დღის განმავლობაში თეა წულუკიანი  თავის მშობლიურ კუთხეს ფოკელ ახალგაზრდებს აცნობდა.

მინისტრთან ერთად პროექტში მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი, პროექტის − „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ − დირექტორის მოადგილე მარიამ ძაგნიძე.

2014 წლიდან იუსტიციის სამინისტროს ფოკის საზოგადოებრივ ცენტრში ქართული ენის ინტენსიური სწავლების კურსები ფუნქციონირებს, სადაც ადგილობრივი სკოლის მოსწავლეები ქართულ ენას კვირაში ორჯერ დისტანციურად ეუფლებიან. სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობის და მნიშვნელობის შესახებ თეა წულუკიანი ფოკელ მოსწავლეებს ივნისში გამართულ შეხვედრაზეც ესაუბრა. ფოკელი ახალგაზრდები საზოგადოებრივ ცენტრში სპეციალურად მათთვის დაგეგმილი კომპიუტერული უნარების ტრენინგსაც გადიან, რომელსაც იუსტიციის სასწავლო ცენტრი ხელმძღვანელობს. მიმდინარე წელს, ფოკელი ახალგაზრდების თხოვნის შესაბამისად, მინისტრი საზოგადოებრივ ცენტრში საბიბლიოთეკო სივრცის გახსნას გეგმავს. ამ სივრცეში ახალგაზრდებს წიგნებით, ელექტრონული ბიბლიოთეკით, შეხვედრების ოთახით, კომპიუტერებითა და უკაბელო ინტერნეტით სარგებლობის საშუალება ექნებათ, როგორც ეს არის ნუკრიანისა და ხიდისთავის საზოგადოებრივ ცენტრებში.

მოზარდები მიღებული შთაბეჭდილებებით ფოკაში შაბათს დაბრუნდნენ. ვიზიტის დასასრულ, იუსტიციის მინისტრმა თითოეულ მათგანს ცნობილი ქართველი ფილოლოგის, მეცნიერისა და მკვლევარის − ილია აბულაძის, იშვიათი წიგნი „ძველქართულ-ძველსომხური ლექსიკონი“ უსახსოვრა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაურია - პაპუაშვილმა სამადაშვილი გააძევა
გომელაური - ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო როგორც დეპუტატების, ისე აქციის მონაწილეების დაცვა
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 20-22 აპრილს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
DRI - „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ყველა დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics