14:52 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-04 17:41:07, 524 ნახვა

საზოგადოება
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვა გრძელდება

თბილისის იუსტიციის სახლში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვა გაიმართა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბულის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით კონვენციის დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას.

იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული  აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება. მათი მიზანი ოჯახში ქალზე, მამაკაცზე თუ ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის პრევენციაა. ცვლილებათა პროექტი ახალ მიდგომებს ითვალისწინებს მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კუთხითაც.

„სწორედ ამ ცვლილებების მიღების პირობებში უნდა მოახდინოს საქართველოს პარლამენტმა სტამბულის კონვენციის რატიფიკაცია, რომელსაც 2014 წლის 19 ივნისს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ერთად სტრასბურგში მოაწერა ხელი. საქართველოს მიერ სტამბულის კონვენციის ხელმოწერა თავისთავად მნიშვნელოვან მოვლენად შეფასდა, რადგან ამ ნაბიჯის გადადგმა მანამდე ვერ ხერხდებოდა ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნების არარსებობის გამო.

სტამბულის კონვენციის რატიფიკაცია მორიგი უმნიშვნელოვანესი პროგრესი იქნება საქართველოს ევროპულ გზაზე. შესაბამისად, შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებებიც მნიშვნელოვანი და მასშტაბურია. მათთან დაკავშირებით სერიოზული კონსულტაციები გაიმართა იუსტიციის სამინისტროსა და სხვა ძალოვან სტრუქტურებს, მათ შორის, საქართველოს მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, შორის; სამოქალაქო სექტორთან ღია და საჯარო კონსულტაციები კი 2015 წლის 17 ივნისს გაიხსნა.

დღემდე თავიანთი შენიშვნები წარმოადგინეს შემდეგმა უწყებებმა/ორგანიზაციებმა: მთავრობის ადმინისტრაცია; შინაგან საქმეთა სამინისტრო; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; სახალხო დამცველის აპარატი; გაერო-ს ბავშვთა ფონდი; გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია (რომელმაც, ასევე, წარმოადგინა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული  მოსაზრებები); ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი;                 კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“; ქალთა საინფორმაციო ცენტრი; ქალთა საკონსულტაციო ცენტრი „სახლი“.

სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის ახალი ცნება − ადევნება, რომელიც დასჯადი ქმედება ხდება. ის მოიცავს უკანონო თვალთვალს, სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით არასასურველ კომუნიკაციას, რომელსაც სისტემატური ხასიათი აქვს, შეიცავს მუქარას ან შეურაცხყოფას მსხვერპლის (განურჩევლად სქესისა) ან მისი ოჯახის წევრების მიმართ და აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. მაქსიმალურ სასჯელად ამ ქმედებისათვის ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრება.

აბორტის იძულებასთან ერთად, რომელსაც სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსი დანაშაულად აცხადებს, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება სტერილიზაციის იძულებაც.

იზრდება ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალი. ის მოიცავს ქმედებებს, რომლებიც მიმართულია მეუღლის ან ყოფილი მეუღლის, ან პარტნიორის მიმართ; უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ; არასრულწლოვნის თანდასწრებით ან მის მიმართ; განმეორებით; ჯგუფურად; იარაღის მუქარით ან იარაღის გამოყენებით; ფიზიკური ან ფსიქიკური ზიანის მიყენებით; განსაკუთრებული სისასტიკით; მსგავსი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ.

ცვლილებების პაკეტი უფრო ეფექტურს ხდის ძალადობის მსხვერპლ ქალთა დაცვისა და დახმარების მექანიზმებს. „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული ნორმების მოქმედების სფერო ფართოვდება. ის მოიცავს არა მარტო ოჯახის წევრ ქალთა მიმართ, არამედ, საზოგადოდ, ქალის მიმართ გამოვლენილ ძალადობასაც. ქალი დაცული იქნება არათუ ოჯახურ სივრცეში, ოჯახის მიღმაც. კერძოდ, თუკი დღევანდელი რედაქციით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლს აქვს უფლება, ისარგებლოს უფასო იურიდიული კონსულტაციით, დროებით საცხოვრებელში (თავშესაფარში) ყოფნის პერიოდში კი ეძლევა 30-დღიანი შვებულება, ეს უფლება გავრცელდება ოჯახს მიღმა ძალადობის მსხვერპლზეც.

უფრო სწრაფი და ეფექტიანი გახდება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის  მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის შეზღუდვის დროებითი ღონისძიება, რომელიც „შემაკავებელი ორდერის“ სახელწოდებით არის ცნობილი. თუ მოქმედი კანონმდებლობით პოლიციის ოფიცრის მიერ გაცემული შემაკავებელი ორდერი სასამართლოს მიერ დამტკიცებას მოითხოვს, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ სასამართლო ჩართულობა ამ საკითხში საჭირო აღარ იქნება და შემაკავებელი ორდერი გამოცემისთანავე შევა ძალაში. ეს ცვლილება, იუსტიციის სამინისტროს აზრით, გააძლიერებს პოლიციას ამგვარი ტიპის ძალადობასთან ბრძოლაში და შემაკავებელი ორდერი უმოკლეს დროში შედეგის მომტანი გახდება.

ძალადობის მსხვერპლი, თუკი ის არ არის საქართველოს მოქალაქე, არაოჯახური ძალადობის შემთხვევებშიც შეძლებს, მიიღოს დროებითი ბინადრობის ნებართვა.  სამართალწარმოების დასრულებამდე დაუშვებელი იქნება უცხოელის გაძევება საქართველოდან, თუკი ის ძალადობის მსხვერპლია.

ცვლილებები ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის მოძალადის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდების ვალდებულებასაც აწესებს. დღემდე ეს ვალდებულება მხოლოდ ოჯახში გამოვლენილი დანაშაულის მსხვერპლის მიმართ არსებობდა. „პატიმრობის კოდექსში“ ცვლილებების თანახმად, საპატიმროს ადმინისტრაცია ვალდებულია, მოძალადის გათავისუფლებამდე 3 თვით ადრე წერილობით შეატყობინოს საუბნო პოლიციას დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით; თავის მხრივ კი, პოლიცია, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით,  ვალდებული იქნება, ქალთა მიმართ ძალადობის  მსხვერპლს აცნობოს ამ პირის გათავისუფლების თაობაზე.

ფართოვდება სამედიცინო პერსონალისა და ადვოკატის უფლებამოსილებაც − ძალადობის ფაქტების შესახებ აცნობონ სამართალდამცველებს, რაც ძალადობის ნებისმიერი გამოვლინების შემთხვევაში იმოქმედებს. დღევანდელი კანონმდებლობით,  ეს დათქმა მხოლოდ  ოჯახში ძალადობის მსხვერპლთან მიმართებაში არსებობს.

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად ფართოვდება იმ პირთა წრე, ვისაც შეუძლია ან აქვს ვალდებულება,  სამართალდამცველებს მიაწოდოს ინფორმაცია ძალადობის ფაქტების შესახებ. ამის შესაძლებლობა ექნებათ საჯარო სკოლების მასწავლებლებს, დირექტორებს, მანდატურებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს. ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე რეაგირება შეეძლებათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსაც.

ძალადობის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ტარება, შეეზღუდებათ ან აეკრძალებათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება; ხოლო თუკი პირი უკვე ფლობს იარაღს დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში, მას იარაღი ჩამოერთმევა. ცვლილებების თანახმად, ეს ნორმაც ნებისმიერი ძალადობრივი დანაშაულის შემთხვევაში იმოქმედებს და მხოლოდ ოჯახურ დანაშაულზე აღარ გავრცელდება.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებებით საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოდის სტამბულის კონვენციასთან, რომლის მიზანია, ოჯახში ძალადობისგან დაიცვას ყველა, ასევე, დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან, განახორციელოს პრევენცია, გამოიძიოს და აღმოფხვრას ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობა და, ზოგადად, ოჯახში ძალადობა, ხელი შეუწყოს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას. კონვენცია ითვალისწინებს მონიტორინგის მექანიზმს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. იქმნება ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ქმედებათა განხორციელებასთან  დაკავშირებული ექსპერტთა ჯგუფი (GREVIO), რომელიც მონიტორინგს გაუწევს მხარეთა მიერ წინამდებარე კონვენციის ცხოვრებაში გატარებას.

სტამბულის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად, ეროვნულ კანონმდებლობაში უკვე განხორციელდა ცვლილებები, რომლებიც  ქორწინების იძულებასა და ნაადრევ ქორწინებას არეგულირებს.

აღსანიშნავია, რომ „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბულის კონვენციის სარატიფიკაციო თანმდევი პაკეტი დაეგზავნა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, ადამიანის უფლებათა საბჭოსა და კერძო სამართლის საბჭოს წევრებს, ასევე, ყველა სხვა დაინტერესებულ მხარეს. ყველას მიეცა ერთი თვე კომენტარების მოსაწოდებლად. შემოსული კომენტარების დიდი ნაწილი ასახულ იქნება კანონპროექტების საბოლოო ვარიანტებში, რომლებიც პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასაწყისში სარატიფიკაციო დოკუმენტთან ერთად ჯერ მთავრობას, ხოლო შემდეგ პარლამენტს წარედგინება“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

„ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბულის კონვენცია 2011 წლიდან მოქმედებს.  საქართველო კონვენციას 2014 წელს შეუერთდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამეგრელოს რეგიონში 11-მა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა 1,2 მლნ ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა 50%-იანი თანადაფინანსებით შეიძინა
DW - ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია ირანში ჩავიდა
წარმოუდგენელი შესაძლებლობები და საოცარი შესრულება - ახალი Porsche Taycan საქართველოშია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისის ზღვაზე 2 უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics