შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი თელავში ახალი კლინიკის პროექტით დაინტერესდა და მშენებლობა დაათვალიერა.
სამედიცინო ცენტრი მაღალკვალიფიციური მედპერსონალით დაკომპლექტდება, ხოლო ფუნქციონირებას 2013 წლის გაზაფხულზე დაიწყებს. სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აის” კუთვნილი სამედიცინო ცენტრი ულტრათანამედროვე აპარატურით აღიჭურვება. ქირურგიული, მეან-გინეკოლოგიური, ოფთალმოლოგიური, ოტორინილარინგოლოგიური, ნეონატოლოგიური და სხვა მომსახურების მიღება იქნება შესაძლებელი.
აღსანიშნავია ასევე, რომ კლინიკისთვის გამოყოფილი იქნება 70 საწოლი, ხოლო კლინიკაში სულ 220 ადამიანი დასაქმდება.
ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მთელი საქართველოს მასშტაბით ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკები შენდება. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, სწორედ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის შექმნა წარმოადგენს.





