აფხაზეთში გამომავალი გაზეთის “ჩეგემსკაია პრავდას” მთავარი რედაქტორი ინალ ხაშიგი მწერლების ბესო ხვედელიძის და დათო  ტურაშვილის ინტერვიუს დამახინჯებას კატეგორიულად უარყოფს.

როგორც ხაშიგმა “ექსპრესნიუსს” განუცხადა, არსებობს როგორც აუდიო ასევე ვიდეო ჩანაწერი, რომელსაც “ჩეგემსკაია პრავდა” ინტერნეტსივრცეში განათავსებს.

“ბატონებმა ხვედელიძემ და ტურაშვილმა ერევანში თქვეს ის რაც გაზეთმა 19 ივნისის ნომერში დაბეჭდა, ჩვენი რედაქტორი ნადეჟდა ვენედიქტოვა ესაუბრა ორივე მწერალს. ჩემი ყურით მოვისმინე ჩანაწერი, ახლა კი თავის მართლება ვფიქრობ უადგილოა”–განაცხადა ინალ ხაშიგმა.

ვენედიქტოვას განმარტებით, იგი ქართველ მწერლებს ერევანში, ლიტერატურულ ალმანახ “Южный Кавказ”-ის მეორე ნომრის პრეზენტაციაზე შეხვდა.
“ცნობილმა ქართველმა მწერალმა დათო ტურაშვილმა ერევანში განაცხადა, რომ პირადად აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. მეორე დღეს, ასეთივე პრეზენტაციაზე არანაკლებ პოპულარულმა ქართველმა პროზაიკოსმა ბესო ხვედელიძემ სტეპანაკერტში კამერების წინ ბოდიში მოიხადა იმ ქართველების გამო, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობდნენ და იარაღით ხელში აფხაზების გვერდით არ დადგნენ მაშინ, როცა ჩვენს პატარა ქვეყანაში 1992 წლის 14 აგვისტოს ქართული ჯარები შემოვიდნენ”, – ნათქვამია ვენედიქტოვას სტატიაში.

ქართველი მწერლები, უარყოფენ გაზეთ “ჩეგემსკაია პრავდაში” დაბეჭდილ სტატიას და აცხადებენ, რომ  ადეჟდა ვენედიქტოვას სტატიაში მისი ნათქვამი შეკუმშული და დანაწევრებულია.