NDI-ის საპარლამენტო სტაჟიორების პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება დღეს საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ და აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა მიიღეს .
საპარლამენტო სტაჟიორების პროგრამა არის საპარლამენტო ზედამხედველობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელსაც აფინანსებს USAID და ახორციელებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI).
როგორც (NDI)-ში აცხადებენ პროგრამამ, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება, ცხადყო, რომ საპარლამენტო სტაჟიორები მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენენ როგორც საქართველოს პარლამენტისათვის, ისე სხვა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო დაწესებულებებისათვის. სტაჟიორები მონაწილეობას ღებულობდნენ საკომიტეტო საქმიანობაში, მუშაობდნენ საპარლამენტო ფრაქციებში, პარლამენტის სხვა სტრუქტურებში.
„დღევანდელი ღონისძიება ეს არის ცერემონია, რომელიც წარმოადგენს საქართველოსა და აშშ–ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის თანამშრომლობის ერთ კონკრეტულ გამოვლინებას. თუმცა ეს თანამშრომლობა ბევრად უფრო ფართო და მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ერთი კონკრეტული პროექტი. წლების განმავლობაში NDI ჩამოყალიბდა როგორც საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ერთ–ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი პარტნიორი დემოკრატიზაციის პროცესში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ამ წლების მანძილზე როგორც პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე პარლამენტთან ერთად სწორედ NDI ძალისხმევით გაკეთდა. „მნიშვნელოვანია რამდენიმე პროექტი, რომელიც პარლამენტში განხორციელდა. დავასახელებდი თუნდაც მედიაცენტრის იდეას. აღსანიშნავია სახელმწიფო მაუწყებლის მეორე არხის და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინაციის სპეციალური სტრუქტურული დანაყოფის შექმნის იდეა. ყველაფერი ეს ერთი მხრივ პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხმარება, მეორე მხრივ კი პარლამეტს, რათა ის საზოგადოებისთვის უფრო გახსნილი და ხელმისაწვდომი იყოს“– აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია ახლა, რადგანაც ქვეყანა იმყოფება წინასაარჩევნო პერიოდში, სადაც NDI აქტიურ ჩართულობას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც NDI, მაქსიმალურად ჩართული იყოს საქართველოს საარჩევნო პროცესში. ჩვენის მხრივ კი მზად ვართ გავითვალისწინოთ ყველა რჩევა და რეკომენდაცია მათი მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი, რომელიც დაგვეხმარება, რომ არჩევნები საქართველოში ჩატარდეს უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების დაცვით. ასეთია საქართველოს ხელისუფლების, მათ შორის პარლამენტის მტკიცე პოზიციაც“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ სტაჟიორებს კურსის დამთავრება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მათთვის დღევანდელი დღე არა რაღაცის დასასრული, არამედ უფრო დიდი წარმატების დასაწყისი იქნება და ამის მაგალითს სწორედ წინა წლებში ამ პროგრამის ძალიან ბევრი კურსდამთავრებული წარმოადგენს.
ასევე, სტაჟიორებს მიულოცა და შეკრებილთ სიტყვით მიმართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჯონ ბასმა: „ეს პროგრამა არის ნაწილი ჩვენი ძალისხმევისა, რომ ამ შემთხვევაში NDI მშვეობით ხელი შევუწყოთ პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის გაძლიერებას, განსაკუთრებით კი მის მიმართ საზოგადოების ნდობის ზრდას“. მისი თქმით, ეს კონკრეტული პროგრამა თავისი შინაარსით
საქართველოს მომავლის განვითარებისაკენ არის მიმართული. ჯონ ბასმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეს იმ მხარდაჭრისათვის, რომელსაც ის ყოველთვის იჩენს იმ პროგრამების მიმართ, რომლებიც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენაა მიმართული.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტმა კენ ვოლაკმა. მან სიტყვით მიმართა კურსდამთავრებულებსაც და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტში გავლილი პრაქტიკა მათი მომავალი საქმიანობისთვის კარგი სკოლა იქნება. საპარლამენტო სტაჟიორებს მიულოცა და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ.




