მომღერლის და მსახიობის გიორგი ფოჩხუას მკვლელობის შესახებ ვერსიას, გარდაცვლილის ოჯახიც ადასტურებს. ახლობლები აცხადებენ, რომ გარდაცვლილი, სავარაუდოდ, ჯერ გაძარცვეს, შემდეგ კი მოკლეს.
ოჯახის ინფორმაციით, მკვლელის ვინაობა ცნობილია და მას პოლიცია ეძებს.
“მოკლულია ნამდვილად. ნაცემია და ყელზე ეტყობა, რომ მოუჭირეს. ასევე სახე, თვალების არე ძალიან აქვს ჩაშავებული. შემდეგ კი ალბათ, ზღვაში ჩააგდეს, რომ ყველას გონებოდა, გიორგი დაიხრჩო. თან ნასვამი იყო, მეგობრებთან ერთად ქეიფობდა და წყალში ნასვამ მდგომარეობაში არასოდეს ჩავიდოდა. იმ ბიჭმა, ვინც მკვლელია, გიორგის ერთ-ერთ მეგობარს უთხრა თურმე, რომ ქართულად რატომ მელაპარაკები, მეგრელი ხომ ხარო. ხომ ხვდებით რა მენტალიტეტზეა საუბარი”, – აცხადებს გარდაცვლილის და ელენე ფოჩხუა.

ფუჩხუას ცხედარი, ქუთაისის პროზექტურიდან უკვე სახლში გადაასვენეს. ექსპერტიზის პასუხი ოფიციალურად ორშაბათს გახდება ცნობილი.

თავდაპირველი ვერსიით, ის მეგობრებთან ერთად ანაკლიაში იმყოფებოდა, სადაც უბედური შემთხვევის შედეგად ზღვაში დაიხრჩო.

ფოჩხუა პროექტ “ჯეობარის” ერთ-ერთი მონაწილე, ასევე ზუგდიდის დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი და მომღერალ ელენე ფოჩხუას ძმა იყო. მას მეუღლე და ერთი შვილი დარჩა.