“ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია კოალიცია “ქართულ ოცნებას” და მის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს უპირისპირდება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბაღათურიამ განაცხადა, ”ქართული ოცნების” მხრიდან საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად დავით უსუფაშვილის დასახელება მისთვის მოულოდნელი სიურპრიზი იყო.
“ასეთი გადაწყვეტილების მოსმენა “ქართული ოცნების” მხრიდან ჩემთვის სიურპრიზი იყო, რადგან ამ საკითხზე ჩემსა და ივანიშვილს შორის დიალოგი კვლავ მიმდინარეობდა და რატომ მიიღო მან ასეთი გადაწყვეტილება, ჩემთვის გაუგებარია. კონკრეტულ პასუხს ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ გაგცემთ. შეხვედრა კი სავარაუდოდ დღეს შედგება”, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია “ქართული ოცნებიდან” საბურთალოზე მაჟორიტარ კანდიდატათ დავით უსუფაშვილი წარადგინა.

“ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ სამი თვის წინ იცოდა, რომ საბურთალოს ოლქში მაჟორიტარად ვაპირებდი კენჭისყრას,  ერთ–ერთ შეხვედრაზე მე, აღვნიშნე, რომ ამას ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. არც ერთი სიტყვა, არც ერთი განსხვავებული აზრი ამასთან დაკავშირებით მაშინ არ დაფიქსირებულა.  საბურთალოს რაიონში დავით უსუფაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით საუბარი არც იმ შეხვედრაზე ყოფილა, რომელიც “ქართულ ოცნებაში” 17 ივლისს შედგა.”–განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

ჯონდი ბაღათურიას თქმით, საბურთალოს რაიონში სხვადასხვა ოპოზიციური ძალიდან მაჟორიტარი კანდიდატების არსებობა წყალს მიხეილ სააკაშვილის წისქვილზე ასხამს. თუმცა ცნობილია, რომ უსუფაშვილი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს და ამას ამ ეტაპზე არც ბაღათურია გეგმავს.