საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სადაზღვევო სექტორის, ასევე, რაიონული საავადმყოფოების მმართველი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა, იზრდება თუ არა საქართველოს სხვადასხვა რაიონში ახლად გახსნილ საავადმყოფოებში სამედიცინო პერსონალის ხელფასი, ამ საავადმყოფოებში პაციენტთა მიმართვიანობის მნიშვნელოვანი ზრდის პარალელურად.
შეხვედრის შემდეგ, რაიონული საავადმყოფოების მმართველი კომპანიების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ 2012 წლის 1-ელი სექტემბრიდან მათ დაქვემდებარებაში მყოფ რაიონულ საავადმყოფოებში ექთნის ხელზე ასაღები მინიმალური ხელფასი 200 ლარი იქნება. იმ ექთნებს, რომლებიც მანამდე ხელზე 200-დან 350 ლარამდე იღებდნენ, ხელფასი 20%-ით, ხოლო ვინც 350-დან 500 ლარამდე იღებდა, ხელფასი 10%-ით გაეზრდებათ. კომპანიების ხელმძღვანელებმა ასევე განაცხადეს, რომ 2012 წლის 1-ელი აგვისტოდან მათ ჰოსპიტალურ ქსელში მომუშავე მთელი სამედიცინო პერსონალი დაზღვეული იქნება.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მუშაობა გაგრძელდება, რათა ხელფასების ზრდა შეეხოთ როგორც ექიმებს, ისე უმცროს სამედიცინო პერსონალს, მათ შორის, იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც სადაზღვევო კომპანიების მფლობელობაში არ შედიან.
რაიონულ საავადმყოფოებში პაციენტთა მიმართვიანობის მნიშვნელოვანი გაზრდა განპირობებულია, ერთი მხრივ, ახალ საავადმყოფოებში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებით, მეორე მხრივ კი, ქვეყანაში დაზღვეულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდით. დღევანდელი მდგომარეობით სახელმწიფოს მიერ დაზღვეულია 900 ათასზე მეტი მოქალაქე – სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, მასწავლებლები, დევნილები, პოლიციელები და ჯარისკაცები. ასევე 500 ათასი ადამიანი კერძო დაზღვევით სარგებლობს.
2012 წლის 1-ელი სექტემბრიდან სახელმწიფო დამატებით აზღვევს ყველა ასაკით პენსიონერს, 5 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს, ყველა სტუდენტს, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ბავშვს – ჯამში დაახლოებით მილიონ ადამიანს. შედეგად, 1-ელი სექტემბრიდან დაზღვეულთა საერთო რაოდენობა 2.4 მილიონი მოქალაქე იქნება, რის გამოც მოსალოდნელია სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა მიმართვიანობის კიდევ უფრო მეტი ზრდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სადაზღვევო კომპანიები: “ალდაგი-BCI”, “ალფა”, “არქიმედეს გლობალ ჯორჯია”, “ჯი პი აი ჰოლდინგი”, “აი სი ჯგუფი” და “ირაო”, ასევე მათ მფლობელობაში არსებული რაიონული საავადმყოფოების მმართველი კომპანიები: “არქიმედეს კლინიკა”, “მედ ალფა”, “მედიქალ პარკი საქართველო”, “ჩემი ოჯახის კლინიკა” და “ჯეო ჰოსპიტალსი”.