საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ, ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად, თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკას ესტუმრა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერისა და მინისტრის სტუმრობამდე რამდენიმე წუთით ადრე, წარმატებით დასრულდა გულიდან სიმსივნის ამოკვეთის ურთულესი ოპერაცია. მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი იმ სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ, რომელიც ოპერაციაში მონაწილეობდა და რთული ქირურგიული ოპერაციის დეტალები უშუალოდ კლინიკის მთავარი ექიმისგან მოისმინეს.
ვანო მერაბიშვილი ოპერაციის ღირებულებით დაინტერესდა და ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის ამოცანაა, ყველაზე გაჭირვებულ ადამიანსაც კი ჰქონდეს საშუალება მსგავსი ურთულესი ქირურგიული ჩარევის საჭიროების შემთხვევაში ისარგებლოს იმ სადაზღვევო პოლისით, რომლის დარიგებაც ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნველყოფის სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
საუბარში აღინიშნა, რომ ოპერაცია 9200 ლარი ღირს და მოცემულ შემთხვევაში იგი სადაზღვევო კომპანიამ დაფარა, რომლის სადაზღვევო პოლისითაც პაციენტი სარგებლობს.
პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის თითოეული მოქალაქისათვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე, რაც დაზღვეულთა ბაზის გაფართოებამ უნდა უზრუნველყოს. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ დაზღვეულთა რაოდენობის ზრდის პარალელურად უნდა გაიზარდოს სამედიცინო პერსონალის ხელფასებიც.
კლინიკის მთავარი ექიმის განმარტებით, მსგავსი სახის ოპერაცია გულისა და სისხლძარღვთა კლინიკაში წელიწადში საშუალოდ ორჯერ ტარდება. ოპერაცია რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველ საფეხურზე ხორციელდება გულის გაჩერება დაბალი ტემპერატურის პირობებში, როდესაც ორგანიზმის სისხლით მომარაგებას სისხლის მიმოქცევის სპეციალური დანადგარი უზრუნველყოფს. გაჩერებული გულიდან სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ ხდება გაჩერებული გულის ამუშავება და სისხლის ხელოვნური მიმოქცევის აპარატიდან პაციენტის მოხსნა. კლინიკიდან პაციენტი ერთი კვირის ვადაში გაეწერება.
თბილისის გულის და სისხლძარღვთა კლინიკა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჰოსპიტალური სექტორის განვითარების რეფორმის ფარგლებში აშენდა და ექსპლუატაციაში ერთი წლის წინ შევიდა. კლინიკა 40 საწოლიანია და მასში დასაქმებულია 65 ადამიანი. თანამედროვე აღჭურვილობიდან აქ წარმოდგენილია საკათეტერიზაციო ლაბორატორია, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ორი ქირურგიული საოპერაციო, კომპიუტერული ტომოგრაფია და კლინიკური ლაბორატორია თანამედროვე ავტომატური აპარატურით.
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკას ესტუმრნენ
ივლისი 27th, 2012 07:59 PM | საზოგადოება





