თბილისში – პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების დროს დედაქალაქის ძველი გალავნის ნანგრევები იპოვეს. სპეციალისტების ინფორმაციით, გალავნის ფრაგმენტები მე-12-დან მე-18 საუკუნეების ჩათვლით თარიღდება. არქეოლოგებმა ასევე მიაგნეს თიხის ჭურჭელს და ბირთვის ქვას, რომელსაც ომის დროს იყენებდნენ. არქეოლოგების თქმით, გალავნის არსებობის შესახებ აქამდეც იცოდნენ. მასზე საუბარია თბილისის შესახებ არსებულ ისტორიულ წყაროებში.

ძველი თბილისის გალავანი რუსეთის იმპერიის ანექსიის დროს, 1801 წელს დაანგრიეს.
გათხრების დროს არქეოლოგებმა თიხის და ჭიქური ჭურჭლის ფრაგმენტებიც იპოვნეს. მიწაში საომარი ქვის ბირთვებიც იქნა ნაპოვნი.

არქეოლოგ მერაბ ძნელაძის განმარტებით, პუშკინის ქუჩაზე გათხრების დროს ნანახი არქეოლოგიური მასალა თბილისის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

“მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდა. თუნდაც საომარ ქვის ბირთვებზე რომ ვთქვა-ამ ბირთვებით მტრები ანგრევდნენ გალავანს, ხოლო გალავნიდან ბირთვების ტყორცნით იგერიებდნენ მომხდურს”, – განაცხადა მერაბ ძნელაძემ.

თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის, გიორგი საბანაძის განცხადებით, გალავნის ფრაგმენტები მიმდებარე ინფრასტურქტურის ნაწილში დარჩება და პუშკინის ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ, მის დათვალიერებას თბილისელები და ტურისტები ქვედა დონის საფეხმავლო სივრცეში შეძლებენ.