ის, რომ რუსეთი ომისთვის კარგა ხნით ადრე ემზადებოდა, აღმოჩენა არ არის და ამ მარტივი სიცრუით ხელისუფლება საკუთარი დანაშაულისა და უმეცრების დამალვას ცდილობს.
ეს განცხადება კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიზინა ივანიშვილმა გუშინ, ურეკში ყოფნისას გააკეთა და აქვე განმარტა, რომ 7 და 8 აგვისტოს ამ საკითხზე ანალიზის გაკეთებას შეგნებულად მოერიდა.
“მოდით, ანალიზი გავაკეთოთ იმისა, თუ რა მოხდა ამ დღეს, რატომ მოხდა ეს უბედურება და კიდევ ერთხელ ვუპასუხოთ ამ საკითხზე ხელისუფლების სპეკულაციებს. ის, რომ მათ ყველაზე დიდი დანაშაული, ყველაზე დიდი უმეცრება ჩაიდინეს 8 აგვისტოს, რაც კი სააკაშვილს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს შეიძლებოდა ჩაედინა, ეს გამოჩნდა. ახლა სააკაშვილი და მისი იდეოლოგები ამბობენ, რომ რუსეთი დიდი ხნით ადრე ემზადებოდა ამ ომისთვის. ეს ისედაც აბსოლუტური ჭეშმარიტებაა და ამის აღმოჩენით ხელისუფლება უბრალოდ ცდილობს ეს ომი გაამართლოს. დიახ, ეს საკამათო არ არის, რუსები ომისთვის რამდენიმე წლით ადრე ემზადებოდნენ და განვავრცობ – საუკუნეებით ადრეც ემზადებოდნენ და სურდათ თავისი გეოპოლიტიკა, უშიშროება გაემყარებინათ და კავკასიის იქეთ გადმოსულიყვნენ; რუსეთი არ არის ერთადერთი მეზობელი და ახლომყოფი სახელმწიფო, ვისაც გარკვეული სურვილები ამოძრავებს ჩვენი ტერიტორიების მიმართ. შესაბამისად, ღია კარის მტვრევა და მტკიცება, რომ რუსები დიდი ხანია, ემზადებოდნენ ომისთვის, ვერ გამოდგება გასამართლებლად. ეს არ არის აღმოჩენა და ამ მარტივი სიცრუით ხელისუფლებას უნდა, საკუთარი დანაშაული და უმეცრებები დამალოს”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, რუსეთს ომის დასაწყებად რეალური საბაბი სჭირდებოდა და მისი მოლოდინი სააკაშვილმა გაუმართლა.
“რუსეთს არ გაუზრდია არმია, არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია, რომ საქართველოსთან ომი ეწარმოებინა, მაშინ რას ელოდებოდა, რატომ ერთი ან ორი წლით ადრე არ დაიწყო ის? – ელოდებოდა მიზეზს, ელოდებოდა რეალურ საბაბს. ეს მოლოდინი სააკაშვილმა გაუმართლა. სააკაშვილმა გაუკეთა ყველაფერი, რასაც რისეთი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა და მისცა საშუალება, საქართველოს ტერიტორიაზე ჯარი შემოეყვანა”, – აღნიშნა “ქართული ოცნების” ლიდერმა.
ამასთან, ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილმა ცხინვალში ომი “საკუთარი სავარძლის გამაგრებისთვის” დაიწყო.
“7 ნოემბრის მშვიდობიანი დემონსტრაციის დაშლისა და დამოუკიდებელ ტელევიზიაში შეჭრის შემდეგ, რასაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვა, სააკაშვილი იძულებული გახდა, გადამდგარიყო, თუმცა ახალი არჩევნებით მაინც მოვიდა არალეგიტიმურად, რადგან ის გააყალბა. სააკაშვილი ეძებდა გამოსავალს, როგორ გაემაგრებინა საკუთარი სავარძელი. გამოსავალში მას რუსი მზვერავებიც დაეხმარნენ, რამდენადაც აწვდიდნენ ინფორმაციას, რომ რუსეთს საქართველოს ინტერესი აღარ ჰქონდა. სააკაშვილი ფიქრობდა, რომ თუ ოსეთს აიღებდა, სავარძელს გაიმაგრებდა”, – განაცხადა ივანიშვილმა, რომლის აზრითაც, აგვისტოს ომამდე საქართველოს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით არსებული პრობლემის “წინ წაწევის” შანსი ჰქონდა.