საქართველოს პრეზიდენტმა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტთან ერთად, დღეს ბაგრატის ტაძარზე ჯვრის აღმართვის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. მიხეილ სააკაშვილი გუმბათზე პირადად ავიდა და 300-კილოგრამიანი და 2 მეტრისა და 14 სანტიმეტრის სიმაღლის ბრინჯაოს ჯვარი რესტავრატორებთან ერთად აღმართა. ტაძარზე აღმართული ჯვარი ქუთაისის ყველა ცენტრალური ადგილიდან გამოჩნდება.

“დღეს დიდი დღეა ჩემთვის, ეს არის ჩემი ბავშვობის ოცნების ასრულებაც, ჩემი დიდი ბაბუისგან ბავშვობიდან მახსოვს, რომ ყველაზე დიდი ოცნება ბაგრატის ტაძრის აღდგენა იყო. თქვენ იცით, რომ ეს ტაძარი რუსულმა არტილერიამ დაანგრია. სხვა ტაძრებში კი მათ  ჩვენი ფრესკები საღებავებით დაფარეს. არის დრო ქვების გაბნევის, არის დრო ქვების შეგროვების, შავი ქვების შეგროვების და ჩვენ ახლა საქართველოს აღმშენებლობის დრო გვაქვს. ეს აღმშენებლობა ყველას ეკუთვნის. მართლაც ჩვენ ოქროს ხანაში შევდივართ. ქუთაისში ხალხს ძალიან უჭირს და მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა აღვადგინთ, ყველაფერი უნდა ავაშენოთ და ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის კუთვნილება. მე არ დამიწყია ამ თემის პოლიტიზირება. პოლიტიკოსები, რომლებიც იძახდნენ, რომ ბაგრატი არ უნდა აღდგეს და თუკი რაიმე შენდება, აღიზიანებს, მინდა, ვუთხრა, რომ ეს არის ერთიანი საქართველოს სიმბოლოები და ეს არ ეკუთვნის არც პოლიტიკოსს და არც არავის. ჟამი გამოცვლის პრეზიდენტებსაც, მთავრობებსაც, მაგრამ ბაგრატი დარჩება”, – განაცხადა სააკაშვილმა.

ჯვრის აღმართვამდე, პრეზიდენტმა ბაგრატის ტაძარში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ბაგრატის ტაძრის აღდგენა ქვეყნის გაერთიანების დასაწყისია.
ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 17 აგვისტო ქუთაისის ტერიტორიაზე, ერთჯერადად, უქმე დღედ გამოცხადდა.