ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ვახტანგ ბალავაძე ნაბეღლავის ჰესის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუქსიეთთან, მდინარე გუბაზეულის ხეობაში 1,9 მგვტ. სიმძლავრის ჰიდროელექტრო სადგურს „ალიანს ენერჯის” შვილობილი კომპანია, სს ”AE-SGI Energy I” აშენებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 2,800,000 აშშ დოლარს შეადგენს. ჰესის მშენებლობა 2012 წლის თებერვალში დაიწყო და მისი დასრულება 2013 წლის მაისის თვეშია დაგეგმილი. პროექტზე დასაქმებულია 60-მდე ადგილობრივი მოსახლე.
„ეს პროექტი „ალიანს ენერჯის“ სტრატეგიული განვითარების დასაწყისია. ჩვენი კომპანია მიზნად ისახავს გრძელვადიანი და მომგებიანი პროექტების განხორციელებას ქვეყნის ენერგო სექტორის განვითარებისათვის, ამავე დროს უზრუნველყოფს გარემოს დაცვას ენერგეტიკულ სექტორში ეკოლოგიურად გამართლებული ტექნოლოგიების გამოყენებით. კომპანია მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს” – განაცხადა „ალიანს ენერჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი ტყებუჩავამ.
კომპანია „ალიანს ენერჯი“ 2011 წელს დაარსდა. კომპანიის მიზანია გამოიყენოს ქვეყანაში არსებული ბუნებრივი რესურსები, ჰიდრო, ქარის, მზის და თერმო ენერგიის წარმოებისათვის. კომპანიის საქმიანობა დაფუძნებულია მდგრადი განვითარების პრინციპებზე და უზრუნველყოფს მიკრო, მცირე, საშუალო და დიდი ზომის ჰესების მშენებლობასა და საკონსულტაციო საქმიანობას ენერგეტიკის სფეროში. კომპანია „ალიანს ენერჯი“ საფინანსო და საინვესტიციო ჯგუფის, სს „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ წევრია.




