აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო პოეტ ეთერ სამხარაძე – ჯღამაძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ხსოვნის საღამოს გამართავს.

ხსოვნის საღამო ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ – მაყურებელთა თეატრში დღეს მოეწყობა.

როგორც “ექსპრესნიუსს” აფხაზეთის მედია – ცენტრიდან აცნობეს, დღესვე აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები ეთერ ჯღამაძის ხსოვნას პატივს მიაგებენ და ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.

პოეტის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, აფხაზეთის მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრები, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ ეთერ ჯღამაძე აფხაზმა სეპარატისტებმა 1993 წლის ოქტომბერში, სოხუმის დაცემის შემდეგ, 9 აპრილის მემორიალთან დახვრიტეს.