სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფი“ ქართულ სადაზღვევო კომპანიებს აგროდაზღვევის მიმართულებით გააქტიურებისკენ მოუწოდებს.
“არდი ჯგუფის“ გენერალური დირექტორის არმაზ თავაძის განცხადებით, ფერმერებისა და გლეხური მეურნეობების დაზღვევა გაზაფხულიდანვე უნდა მოხდეს, რათა აგროსექტორის სტიმულირებისა და მხარდაჭერის პროგრამა სრულყოფილად განხორციელდეს.
მისი თქმით, თუ ლიდერი სადაზღვევო კომპანიები დაინტერესებას გამოთქვამენ ამ მიმართულებით, სოფლის მეურნეობის რეალური განვითარებისთვის მეტი საშუალებები გაჩნდება.
„თუ ჩვენ გვსურს სოფლის მეურნეობა ერთ-ერთ წამყვან დარგად იქცეს ქვეყანაში, მხოლოდ მთავრობის ძალისხმევა საკმარისი არ იქნება. „აგროდაზღვევა“ საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი და აუთვისებელი სფეროა, რომელიც ძალზედ ნელი ტემპებით ვითარდება. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტის განცხადებების შემდეგ ლიდერი სადაზღვევო კომპანიები ამ სფეროში უფრო გაბედულად შემოვლენ”, – განაცხადა თავაძემ
მენეჯმენტის ცნობით, კომპანია „არდი ჯგუფს“ გურჯაანისა და საგარეჯოს რაიონებში დაზღვეული აქვს დაახლოებით 16 ჰექტრამდე საფერმერო მიწის ნაკვეთები, ახორციელებს დავით გარეჯის დედათა მონასტრის ფონდის მიწების დაზღვევას და მისი პროდუქტებით უკვე 7 ფერმერი სარგებლობს.
“არდი ჯგუფი“ ჯერ პატარა კომპანიაა, ამიტომ, რაც გაკეთდა, ზღვაში წვეთია. კარგია, თუ სხვა სადაზღვევო კომპანიები მეტ დაინტერესებას გამოთქვამენ ამ მიმართულებით. გასაგებია, რომ აგროდაზღვევა მომგებიანი ძალიან დიდ ხანს ვერ იქნება საქართველოში, მაგრამ თუ გვინდა აგრარული ქვეყნის სტატუსი რეალურად გვქონდეს, დაზღვევის გარეშე ჩვენი ფერმერები ფონს ვერ გავლენ”,- აცხადებს არმაზ თავაძე.
„არდი ჯგუფი“ აგროდაზღვევის გააქტიურების ინიციატივით გამოდის
მარტი 15th, 2011 11:28 AM | ბიზნესის ახალი ამბები, ეკონომიკა/ბიზნესი





