გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა და საქართველოს ეროვნული მუზეუმი 17:00  საათზე აწყობს ღონისძიებას  მსოფლიოს მოსახლეობის 7 მილიარდიან ნიშნულთან დაკავშირებით.

ღონისძიება გაიმართება გაეროს კვირეულის ფარგლებში  სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.

31 ოქტომბერს პლანეტის მოსახლეობის რაოდენობა  7 მილიარდს მიაღწევს, 24 ოქტომბერს კი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ირთვება მრიცხველი და იწყება 7 მილიარდიანი ნიშნულის ათვლა.

„გაეროს მოსახლეობის ფონდი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავს ამ მნიშვნელოვან მოვლენას. 7 მილიარდის ახალი ნიშნული მსოფლიოსაგან მოითხოვს ახლებურ ხედვას და  შესაბამისად ქმედებებს, რათა დაძლეულ იქნას არსებული გამოწვევები. საქართველო 7 მილიარდიანი სამყაროს ღირსეული წევრია თავისი უძველესი ისტორიით, ცივილიზაციის უნიკალური საგანძურით, მოსახლეობის განვითარების  საკითხებითა და მომავლის პერსპექტივებით. საქართველოსა და მსოფლიოს მომავალი ჩვენს დღევანდელ ქმედებებზეა დამოკიდებული“, განაცხადა თამარ ხომასურიძემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის დავით ლორთქიფანიძის თქმით, კი, მდიდარი ბუნებრივი რესურსები ათასობით წლის მანძილზე ხელს უწყობდა ადამიანების უწყვეტ განვითარებასა და განსახლებას. ამის დასტურია საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული მრავალი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური კვლევა, მათ შორისაა ევრაზიაში უძველესი ადამიანის ნაშთების აღმოჩენაც. დმანისის არქეოლოგიური ძეგლი (რომელიც 1.8 მილიონი წლით თარიღდება), საქართველოს წარმოადგენს, როგორც პირველი ევროპელების სამშობლოს.