02:05 - 04 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-23 09:43:03, 579 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს.

დოკუმენტში, სახელწოდებით, "2023 წლის ანგარიშები ადამიანის უფლებათა პრაქტიკის შესახებ: საქართველო" განხილულია საქართველოს გზა ევროკავშირისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ა.შ. 

"[2023] წლის განმავლობაში ქართველები მხარს უჭერდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. ასევე, იყო საზოგადოების საპროტესტო აქციები კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. დეკემბერში ევროპულმა საბჭომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა და ცხრა სფეროში, რომელიც დემოკრატიულ არჩევნებს, მართლმსაჯულების რეფორმებსა და ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას მოიცავს, შემდგომი პროგრესის რეკომენდაცია გასცა.

ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა სანდო ცნობებს: წამების ან სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ; თვითნებური დაპატიმრებების ან დაკავების შესახებ; სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების შესახებ, გამოძიებებთან და დევნასთან ერთად, რომელიც ფართოდ განიხილება პოლიტიკურად მოტივირებულად; პირად ცხოვრებაში თვითნებური ან უკანონო ჩარევის, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების შესახებ, მათ შორის ძალადობისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის მუქარის შესახებ; მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლებაში მნიშვნელოვანი ჩარევის შესახებ; სერიოზული სამთავრობო კორუფციის შესახებ; ასევე, დანაშაულების შესახებ, რომლებიც ძალადობას ან ძალადობის მუქარას მოიცავს, ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ ან ინტერსექს პირებისა და აქტივისტების მიმართ. მთავრობამ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, ზოგიერთი თანამდებობის პირის მიმართ გამოძიების კუთხით ნაბიჯები გადადგა, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმა რჩებოდა და დე ფაქტო ხელისუფლებას რუსული ძალები მხარს უჭერდნენ.

ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა სარწმუნო ცნობებს: უკანონო მკვლელობების შესახებ; თვითნებური დაპატიმრებების ან დაკავებების შესახებ; თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის შესახებ, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველებისთვის; ეთნიკური ქართველების მიერ საკუთრების, ბიზნესის დარეგისტრირების და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვის შესახებ; რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლებამ დანაშაულები ორივე რეგიონში დაუსჯელად ჩაიდინა",- აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში საუბარია თამაზ გინტურისა და თემურ კარბაიას მკვლელობაზე.

"6 ნოემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ადგილობრივი, 58 წლის თამაზ გინტური. 7 დეკემბერს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ გალში, აფხაზეთის დე ფაქტო პოლიციის ძალებმა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმებისას, საქართველოს მოქალაქე, 43 წლის თემურ კარბაია სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც კარბაია გარდაიცვალა. 

სახალხო დამცველის ოფისმა (PDO) მკვლელობებზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დააკისრა და საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვა მეტი ჩართულობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების თავიდან ასაცილებლად",- აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე.

"სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, დროული და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია დაკავებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის...

ქვეყანაში დაბრუნებამდე, 2021 წლის ოქტომბერში, სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლეს სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის 2018 წელს პარლამენტის ყოფილ წევრზე ფიზიკური შეურაცხყოფის ბრძანებისთვის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. დანაშაულებისთვის, რომლებიც მან, სავარაუდოდ, ჩაიდინა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და 2021 წელს საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის. მან უარყო ყველა ბრალდება, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული",- ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, "მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონი ითვალისწინებდა დამოუკიდებელ სასამართლოს, მთავრობა არ სცემდა პატივს სასამართლოს დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებში".

"მოსამართლეები პოლიტიკური ზეწოლის მიმართ დაუცველები იყვნენ, როგორც სასამართლოს შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, როდესაც წყვეტდნენ საქმეებს, რომლებიც პოლიტიკურად მგრძნობიარე თემებს ან პირებს ეხებოდა. მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, დაბალია ნდობა, რომ სასამართლო სისტემა ხელისუფლების არასათანადო გავლენისგან თავისუფალია. სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" და საერთაშორისო თანამეგობრობა განაგრძობდნენ შეშფოთებას სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობასთან დაკავშირებით. მათ ხაზგასმით აღნიშნეს პრობლემები, მათ შორის მოსამართლეთა ჯგუფის გავლენა, რომელიც ძირითადად შედგება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და სასამართლოს თავმჯდომარეებისგან, რომლებიც სავარაუდოდ, ახშობდნენ სასამართლოს კრიტიკულ მოსაზრებებს და ხელს უშლიდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცების წინადადებებს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გავლენიან, კარგად დაკავშირებულ და არარეფორმატორ მოსამართლეთა ჯგუფს "კლანი" უწოდეს...

ზოგიერთმა ყოფილმა და მოქმედმა მოსამართლემ საჯაროდ განაცხადა, რომ მათ მაღალი რანგის მოსამართლეების მხრიდან ზეწოლა განიცადეს, რათა კონკრეტულ საქმეებში გარკვეული გადაწყვეტილებები მიეღოთ. 2013 წლიდან სასამართლო რეფორმისა და სხვა საკანონმდებლო ცვლილებების ოთხი ტალღის გაანალიზებისას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნის პოლიტიკური ნების არარსებობის გამო რეფორმები არაეფექტური იყო, ვინაიდან კანონმდებლობაში დადებითი ცვლილებების დიდი უმრავლესობა განუხორციელებელი დარჩა ან მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა.

8 ნოემბერს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, რომ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმ პირობით მიენიჭებინა, რომ საქართველო განახორციელებს ცხრა რეფორმას, მათ შორის სასამართლოს ეფექტურ რეფორმას, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე",- აღნიშნულია დოკუმენტში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პატიმრობაც.

"იყო ცნობები პოლიტპატიმრებისა და დაკავებულების შესახებ.

22 ივნისს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა ნიკა გვარამია, ოპოზიციური ტელეარხის "მთავარი არხის" ხელმძღვანელი, რომლის პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებულ იქნა სახალხო დამცველის და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ",- ნათქვამია დოკუმენტში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ხაზს უსვამს ასევე საქართველოში  პრესის თავისუფლებასა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებაზეც.

"თებერვალში პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო რეგულაციები პრესის აკრედიტაციის შესახებ, რომელიც დამატებით შეზღუდვებს უწესებდა ჟურნალისტებს. მედიაორგანიზაციებმა გააკრიტიკეს ახალი წესი, როგორც არაინკლუზიური და ბუნდოვანი. "მედიის ადვოკატირების კოალიციამ" განაცხადა, რომ რამდენიმე შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა ჟურნალისტებს აკრედიტაცია შეუჩერა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ" (GCJE) და სახალხო დამცველის ორგანიზაციამ ხაზი გაუსვეს ჟურნალისტებისთვის სანქციების დაწესებისას სათანადო პროცესის გარანტიების არარსებობას და პრობლემურად მიიჩნიეს, რომ ახალი წესით სანქციები მხოლოდ კრიტიკულ მედიასაშუალებებზე ხდებოდა...

იყო შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებამ საზოგადო მოღვაწეების, პოლიტიკური ოპონენტების და ჟურნალისტების შესაძლებლობა, გაეკრიტიკებინათ მთავრობა ან განეხილათ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხები, შეზღუდა. მაგალითად, ნიკა გვარამია, უმსხვილესი ოპოზიციური ტელეარხის "მთავარი არხის" დამფუძნებელი და ყოფილი გენერალური დირექტორი, 2022 წლის მაისიდან პრეზიდენტის შეწყალებამდე 22 ივნისამდე ციხეში იმყოფებოდა. ის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით გაასამართლეს",- აღნიშნულია დოკუმენტში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს და სანთლები დაანთეს
კობახიძე - მიშელთან საუბრისას აღვნიშნე, რომ დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება აუცილებელია
შსს - აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა
შარლ მიშელსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics