18:16 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-03 14:01:09, 4301 ნახვა

საზოგადოება
შშმ პირები - პრობლემები და სტერეოტიპები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაცია - პრობლემა, რომელიც მრავალი ღონისძიებისა თუ კამპანიის მიუხედავად, ამ დრომდე მოუგვარებელია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის 1 მარტის მდგომარეობით, საქართველოში დაახლოებით 118 651 შშმ პირია, რომელიც სხვადასხვა სოციალურ დახმარებას იღებს. შშმ პირების უმრავლესობა ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა სახის პრობლემას აწყდება, რაც საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას ხელს უშლის.

უკანასკნელი ფაქტი ორი დღის წინ დაფიქსირდა. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბავშვთა ფსიქოლოგების აზრით, ეს ყველაფერი საზოგადოების ინფორმირებულობის ნაკლებობის ბრალია და ამ კუთხით, ინტენსიური სამუშაოების ჩატარებაა საჭირო.

 „ჩემს ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, რომელთაგანაც ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, N 140 ავტობუსში ავდიოდით, სახელმწიფო ნომრით 521, ხოლო ბავშვი იძახდა, რომ ავტობუსი გაეჩერებინათ. ამაზე მძღოლი გაბრაზდა და ბავშვს ყვირილი დაუწყო - ავტობუსი ისედაც გაჩერებულიაო. ორი გაჩერების შემდეგ კი მძღოლმა გააჩერა და მითხრა, რომ თუ არ ჩავიდოდი, გზას აღარ განაგრძობდა. მას სხვა მგზავრებმაც დაუჭირეს მხარი, ხოლო ერთი მამაკაცი ცემითაც დამემუქრა. ჩემმა მეორე შვილმა კი მითხრა, რომ ეშინია და ჩავსულიყავით. შემდეგ კი მთხოვა, რომ სალომესთან ერთად ქუჩაში აღარ გავეყვანე, რადგან მას ეჩხუბებოდნენ. პატრულიც გამოვიძახე, მაგრამ სამართალდამცავებმა მძღოლის მხარე დაიჭირეს“, - ასე აღწერს „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ორი დღის წინ თურქეთის საელჩოსთან მომხდარ ფაქტს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის დედა.

მსგავსი ფაქტები წარსულშიც მრავლად ხდებოდა და არც ილია ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი შემთხვევა მიეკუთვნება იშვიათ გამონაკლისს.

არასამთავრობო ორგანიზაციის „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ ხელმძღვანელი მარი კორკოტაძე 4 წლის წინანდელ ანალოგიურ ამბავს იხსენებს, რომელიც პირადად მას და მის შშმ შვილს შეემთხვა და სიტუაციიდან გამოსვლის შესაძლო გზებზეც საუბრობს.

„მეც აუტიზმის მქონე შვილი მყავს და იგივე პრობლემებს ვაწყდებოდი. 4 წლის წინ რაც ხდებოდა, სამწუხაროდ, ახლაც იგივე მეორდება, არანაირი წინსვლა არ გვაქვს ამ მხრივ. ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში, ბავშვების მიმართ ძალიან ცუდი დამოკიდებულება არსებობს. რა მნიშვნელობა აქვს ბავშვს პრობლემა აქვს თუ არა, ბავშვი ბავშვია. როდესაც ის ყვირის ან ჭირვეულობს, რა უნდა ქნას მშობელმა მაგ დროს - უნდა უყვიროს, უნდა სცემოს?! სამწუხაროდ, ბავშვის უფლებების დარღვევა ყოველ ნაბიჯზე ხდება!  ჩვენ, მშობლები, ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ საზოგადოების ცნობიერება ავამაღლოთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. სახელმწიფოს ვალდებულებაა, ჩვენი ჩართულობით იზრუნოს ცნობიერების ამაღლებაზე, რასაც, სამწუხაროდ, არ აკეთებს. როდესაც მძღოლს და მგზავრებს ვუხსნიდი, რომ ბავშვს აუტიზმი აქვს, მათგან ვიღებდი სიბრალულს და ისეთ სიტყვებს როგორიცაა, "შე საცოდავო", "ღმერთმა გაძლება მოგცეს" და ა.შ. მერწმუნეთ ეს სიტყვები ანადგურებს მშობელს“, - აცხადებს „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას კორკოტაძე.

„ექსპრესნიუსი“ არასამთავრობო ორგანიაცია „პარტნიორობა ადამიანთა უფლებებისთვის“ აღმასრულებელ დირექტორს დაუკავშირდა, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარში თბილისის მერიას ადანაშაულებს და მას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებისთის ტრენინგების ჩატარებას სთხოვს.

„პირველ რიგში, ვთქვათ, რომ გუშინ დაფიქსირდა ბოლო შემთხვევა და აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ. უნდა დადგინდეს, ადგილი ქონდა თუ არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დისკრიმინაციას. თუმცა, ორი წლის წინ ზუსტად ანალოგიური შემთხვევა მოხდა და ის სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა. სახალხო დამცველმა თბილისის მერიას მოუწოდა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებისთვის სპეციალური ტრენინგი ჩაეტარებინათ. ვინაიდან, აშკარაა, რომ მათ განათლება არ აქვთ. როდესაც მგზავრს სპეციალური საჭიროებები აღენიშნება, მას შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონ. ამასთან, მგზავრებსაც უნდა მოუწოდონ, რომ შშმ პირს მხარი დაუჭირონ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მერიამ მსგავსი ტრენინგები არ განახორციელა და დღემდე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებმა არ იციან, რომ ადამიანებს შეიძლება სვადასხვა ტიპის საჭიროებები ქონდეთ. მერიას მსგავსი ფაქტების აცილება შეეძლო, მაგრამ არ აიცილა. აი, ეს ყველაფერ ასეთ დისკრიმინაციულ და მიუღებელ ქცევებს განაპირობებს. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია წინა შემთხვევაშიც და ახლაც ეხმარება მშობლებს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მერიამ ეს საკითხი მოაგვაროს. მოსახლეობა სწორედ ასეთი შემთხვევების შემდეგ სწავლობს იმას, რომ საზოგადოება გაცილებით ინკლუზიური და ტოლერანტული უნდა იყოს. არ შეიძლება, კონკრეტული ბავშვების რისკის საფუძველზე შევიძინოთ ცოდნა, როდესც გვაქვს საშუალება, მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების გამოცდილება გაცილებით ადრე დავაგროვოთ“, - აცხადებს ანა არგანაშვილი.

როგორც არგანაშვილმა აღნიშნა, თუ თურქეთის საელჩოსთან მომხდარი ფაქტი დადასტურდა, არასამთავრობო ორგანიაცია „პარტნიორობა ადამიანთა უფლებებისთვის“ სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელებას მოითხოვს.

თავის მხრივ, მერია აცხადებს, რომ ეკა მაისურაძის განცხადების საფუძველზე საკითხი შესასწავლად ტრანსპორტის კომპანიას გადაეგზავნება, რომელიც მომხდარზე შესაბამისს რეაგირებას მოადენს.

 „ექსპრესნიუსი“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთოერთობის სამსახურის კომუნიკაციების მენეჯერს თამთა ფოცხვერიასაც გაესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ როდესაც კომპანია მძღოლებს ასაქმებს, პირველ რიგში, მათ გამოცდილებასა და კვალიფიკაციას ითვალისწინებს.

„მათ დატრეინინგებასთან დაკავშირებით, ვერაფერს გეტყვით. ადგილზე პატრულის თანმშრომლები მივიდნენ, რომელბმაც მგზავრები გამოკითხეს  და არ დასტურდება, რომ მძღოლის მხრიდან აგრესიულ ქმედებას ქონდა ადგილი. ჩვენ ამ საკითხს გამოვიკლვებთ და ამ ქალბატონს პასუხს გავცემთ“, - აცხადებს ფოცხვერია.

საზოგადოებასთან, შშმ პირებთან და მათ მშობლებთან ინტენსიური სამუშაოების ჩატარება, ადამიანებში განათლების დონის ამაღლება, შშმ პირების შეძლებისდაგვარად დასაქმება, ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება - ბავშვთა ფსიქოლოგების აზრით, ეს ის მნიშვნელოვანია ასპექტებია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება.

„მსგავსი ფაქტები არაერთხელ მომხდარა.  საზოგადოება შშმ პირების შესახებ არაინფორმირებულია.  ხალხის ცნობიერების ასამაღლებლად ძალიან დიდი სამუშაოს ჩატარებაა საჭირო. საზოგადოების განვითარების  დონე სწორედ ამით ინსაზღვრება. იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ჯანსაღი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდეს, საჭიროა, თუნდაც საბავშვო ბაღიდანვე შესაბამის ლიტერატური შეტანა. არავინაა დაზღვეული, რომ ნებისმიერ ჩვენთაგანს მსგავსი რამ დაემართოს. საზღვარგარეთ, სკოლებში მინახავს ინკლუზიური სწავლება და ზოგადად, თავად სკოლა არის ინტეგრირებული. შეზღუდულ შესაძლებლობასაც გააჩნია, თუ ეს ფიზიკურ მხარეს ეხება, ბავშვები ჩვეულებრივ კლასებში არიან. თუ საუბარი გონებრივ შეზღუდვაზე, მაშინ სპეციალური კლასები იქმნება და ა.შ. ადამიანებთან უნდა ვიმუშაოთ, გავაგებინოთ, რომ შშმ პირები იგივე უფლებებით სარგებლობენ, როგორც სხვა მოქალაქეები. ჩვენ საზოგადოებას სოლიდარობის განცდა აკლია, ამ ყველაფრის მიღწევა დრო ჭირდება. უნდა იყოს სპეციალური ინტიტუტები, სადაც შესაძლებელი იქნება შშმ პირების გადამისამართება. ასეთი პირები უნდა დასაქმდნენ, მარტო სკოლა და ტრანსპორტი ხომ არ არის? მათ ღირსების გრძნობა უნდა გაუჩნდეთ და საზოგადოებაში საჭირო პირვნებად უნდა იგრძნონ თავი“, - აცხადებს „ექსპერსნიუსთან“ საუბრისას ლელა მურუსიძე.

ბავშვთა ფსიქოლოგი ეკა ნინოშვილი კი მიიჩნევს, რომ შშმ ბავშვის ტრანსპორტიდან ჩამოსმა ყოვლად მიუღებელია, რადგან ცუდად, შესაძლოა, ნებისმიერი ბავშვი მოიქცეს. ნინოშვილის განცხადებით, როგორც მშობელი, ასევე საზოგადოებაც მზად უნდა იყოს, რომ კრიტიკულ მომენტში სწორი გადაწყვეტილება მიიღონ.

„მე ვფიქრობ, რომ ეს ყოველივე საზოგადოების არაინფორმირებულობის ბრალია, რომელსაც შშმ პირების უსაფუძვლოდ ეშინიათ და არ იციან კონკრეტულ სიტუაციაში როგორ მოიქცნენ. ამასთან მშობლებიც უნდა დატრეინიგდნენ, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ადამიანებს ყველაფერი აუხსნან. არაინფორმირებულობა შიშს იწვევს. აქედან გამომდინარე ორმხრივი მუშაობაა საჭირო“, - აცხადებს ნინოშვილი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2006 წლის 13 დეკემბრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის პრეამბულა: „ხელმომწერი ქვეყნები აღიარებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, სხვა ბავშვების თანასწორად სრულად უნდა სარგებლობდნენ ადამიანის ყველა უფლებითა და ფუნდამენტური თავისუფლებით, და ბავშვთა უფლებების კონვენციის ხელმომწერ წევრ სახელმწიფოებს შეახსენებენ ამასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებს“.

 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2006 წლის 13 დეკემბრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-7 მუხლის მე-2 ქვეპუნტი: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილების უმთავრესი ამოცანა ბავშვის უზენაესი ინტერესის გათვალისწინებაა“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოც გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ხელმომწერი ქვეყანაა.

 

ავტორი: ბესო კუნელაური




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მელია - ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით რუსული ხელისუფლება მართავს
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!
„თიბისი“ კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება
გაზრდილი CashBack-ის ახალი აქცია იწყება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics