12:54 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 18:53:01, 3022 ნახვა

საზოგადოება
„წარმოუდგენელია, ტელევიზია საკუთარ რეპუტაციას ასე ანადგურებდეს“ - როგორ აფასებენ საზმაუში განვითარებულ მოვლენებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სეზონისთვის გადაცემების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში,  საუკეთესო პროექტები გამოვლინდა.

საკონკურსო კომისიამ  აღმასრულებელ საბჭოს  რეკომენდაცია გაუწია სოციალურ, კულტურულ, შემეცნებით-საგანმანათლებლო, საბავშვო-ახალგაზრდული,  შემეცნებით-გასართობი მიმართულების შემდეგ  პროექტებზე: სოციალური თოქ-შოუ - ქეთევან კაპანაძე „რეალური სივრცე“;  კულტურულ-შემეცნებითი გადაცემა   - გიორგი ასანიშვილი „ნაცნობი მელოდიები“;  კულტურის სიახლეების მიმოხილვა- თეონა ჯორბენაძე  Modem/Art;  ჯანსაღი ცხოვრება - მარი მალაზონია „პირადი ექიმი; სოფლის მეურნეობა- თამარ ბოლქვაძე „ფერმა“;  საბავშვო შემეცნებითი გადაცემა - დალი ხოჯავა  „სუპერ გმირი“;  საბავშვო-ახალგაზრდული შემეცნებითი გადაცემა- ნინო კელაურიძე „წიგნების თარო“; - თამარ ციციშვილი „ხარ თუ არა მეხუთე კლასელზე ჭკვიანი?!“; კულინარიული შოუ- ნინო გოგოლაური „გურმანია“.

თუმცა,  აღნიშნული პროექტების წარმოებაში ჩაშვების თაობაზე, საბოოლოო გადაწყვეტილება მენეჯმენტმა უნდა მიიღოს.

კონკურსში,  რომლის შედეგადაც, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი საეთერო სეზონისთვის ცხრა  გადაცემა შეარჩია, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები გატანილი არ ყოფილა. მაუწყებლის მენეჯმენტი ამბობს, რომ ამგვარი  გადაცემების ეთერიდან გაქრობა არ იგეგმება,  არამედ მათი ახალი გადაცემებით ჩანაცვლებას აპირებენ.

„ექსპრესნიუსი“ საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის მრჩეველს, ია ანთაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, მაუწყებელში ახალი გენერალური დირექტორის მისვლამდე, გასული წლის დეკემბერში, იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ 2017 წლის  17 ივლისს დაიხურებოდა ყველა გადაცემა, როგორც პირველ არხზე, ისე მეორე არხზე. აქედან გამომდინარე, ანთაძის შეფასებით,  მათ  გადაცემების დახურვასთან პირდაპირი კავშირი არ აქვთ:

„სანამ ჩვენ მოვიდოდით ამ ტელევიზიაში სამუშაოდ, გასული წლის დეკემბერში უკვე  იყო მიღებული  გადაწყვეტილება, რომ 2017 წლის 17 ივლისს იხურება ყველა გადაცემა როგორც პირველ, ასევე მეორე არხზე. ასე რომ, გადაცემების დახურვასთან ჩვენ პირდაპირი კავშირი არ გვაქვს. ეს გადაწყვეტილება  იყო მიღებული სწორედ იმის გამო, რომ იცვლებოდა გენერალური დირექტორი და მაშინდელმა  მენეჯმენტმა და ბორდმაც  გადაწყვიტეს, მიეცათ ახალი დირექტორისთვის  საშუალება, მას ისე  დაეკომპლექტებინა ბადე და პროგრამები, როგორც თავად ჩათვლიდა საჭიროდ. ამიტომ, ახლა ეს გადაწყვეტილება  უბრალოდ აღსრულების პროცესშია და ამის შემდეგ  როცა  იქნება ახალი სეზონი, ჩვენ გვექნება ახალი  გადაცემები“,-ამბობს ია ანთაძე და აქვე დასძენს, რომ თუ როგორია საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკა, მაყურებელს ამის შეფასება ახალი გადაცემების ჩაშვებამდე,  „მოამბით“  და ვებგვერდით 1tv.ge შეუძლია:

„დღეს რითიც შეიძლება რომ მაყურებლმა შეაფასოს, ეს არის „მოამბე“ და ჩვენი ვებგვერდი, რომელზეც  მუშაობს ძველი და ახალი მენეჯმენტი ერთად და, რა თქმა უნდა, ჟურნალისტების კორპუსი. ასე რომ, ამის მიხედვით შეუძლია ყველა მაყურებელს განსაჯოს, როგორია „მოამბე“ და როგორია საინფორმაციო პოლიტიკა ჩვენი და დანარჩენი იქნება მას შემდეგ, რაც  იქნება ჩაშვებული ახალი გადაცემები“,-აღნიშნა ია ანთაძემ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის ნატა ძველიშვილის განცხადებით,  საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ და  საინფორმაციო გამოშვება  ეთერში აუცილებლად გავა. თუმცა, მისივე განმარტებით, აქ მთავარია, რა ხარისხის იქნება გადაცემები, რომლებიც ახალ სეზონზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში  ჩაეშვება.

„საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს რაც შეეხება,  ისინი არ ყოფილან საკონკურსოდ გატანილი და როგორც მენეჯმენტი ამბობს,  ისინი არ აპირებენ ამგვარი  გადაცემების ეთერიდან გაქრობას, უბრალოდ აპირებენ, რომ ახალი გადაცემებით ჩაანაცვლონ და ეს იქნება მომზადებული საკუთარი შიდა რესურსის გამოყენებით. ანუ,  საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ და  საინფორმაციო გამოშვება  იქნება აუცილებლად, ეს არის კანონისმიერი ვალდებულება და ამას მაუწყებელი  ვერ გადაუხვევს ძალიანაც რომ უნდოდეს. მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რა ხარისხის იქნება ის გადაცემები, რომლებიც  საბოლოო ჯამში დაგვრჩება ეთერში.  ღრმად ვარ დარწმუნებული,  სამოქალქო საზოგადოების აქტიურობის შედეგია ის, რომ ჩვენ ამწუთას ცარიელი ეთერი არ გვაქვს და რჩება ისეთი გადაცემა, მაგალითად როგორიცაა, „რეალური სივრცე“. თუმცა, აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზებით  და გაუგებარი  არგუმენტაციებით, ეთერში აღარ გვექნება სალომე ასათიანის  „ინტერview“ , რომელიც  ნამდვილად იყო წინა სეზონში ყველაზე კარგი გადაცემა არა მარტო საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, არამედ ზოგადად  ქართულ ტელესივრცეში. ახლა რა გვექნება მის ნაცვლად, ეს ჯერჯერობით არ ვიცით. როგორც ამბობენ, თვითონ აპირებენ ახალი  პოლიტიკური  თოქშოუს მომზადებას,  თუმცა ნამდვილად არვიცი,  რა ხარისხი დაგვრჩება საბოლოო ჯამში ეთერში. კონკურსში კი გამოცხადდა გამარჯვებულები, მათ შორის „რეალური სივრცე“, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გადაწყვეტილებას მენეჯმენტი იღებს, რომელსაც ჯერ ეს გადაწყვეტილება არ მიუღია“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ნატა ძველიშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული პოლიტიკური თოქშოუ ძალიან მწვავე და  საზოგადოებისთვის ინფორმაციული უნდა იყოს.

„ეს არის  ძირითადი ამოცანა და არა ეთერის შევსება“,-ამბობს ნატა ძველიშვილი.

ამასთან, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, თამარ კორძაიას შეფასებით, პოლიტიკური გადაცემების დახურვა მაშინ, როდესაც ქვეყანაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არჩევნებია ჩასატარებელი,  პირდაპირ ხელისუფლების ინტერესებს  ემსახურება.

კორძაიას განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია,  ჰქონდეს პოლიტიკური  გადაცემები, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში.

კორძაიას თქმით, მართალია ახალ სეზონზე პოლიტიკურ გადაცემებს გეგმავენ, თუმცა მას არ აქვს მოლოდინი, რომ  ამ  გადაცემებზე მომუშავე პერსონები,  ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი არ იქნებიან.

 „მაშინ, როდესაც ქვეყანაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არჩევნებია ოქტომბერში და საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონით აქვს ვალდებულება, რომ წინასაარჩევნო პერიოდშიც საკუთარი ეთერი დაუთმოს პოლიტიკურ დებატებს, გააშუქოს  მიმდინარე პროვესები და ა.შ. ამ ფონზე პოლიტიკური გადაცემების დახურვა პირდაპირ ხელისუფლების ინტერესებს  ემსახურება იმისათვის, რომ ნაკლები სივრცე არსებობდეს მედიაში. ეს არის სრულიად არაგონივრული გადაწყვეტილება იმიტომ, რომ წარმოუდგენელია, თანამედროვე სამყაროში, სადაც  ინფორმაციის მიღების  უამრავი საშუალება არსებობს, ასეთ პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებდეს  ტელევიზია და ასე ანადგურებდეს საკუთარ რეპუტაციას. პირდაპირი ვალდებულებაა საზოგადოებრივი მაუწყებლის, რომ მას ჰქონდეს პოლიტიკური  გადაცემები, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. საქმე იმაშია, რომ რაღაც ტიპის პოლიტიკურ გადაცემებს გეგმავენ, მაგრამ,  სავარაუდოდ, შეარჩევენ პერსონებს, რომლებიც იქნებიან ლოიალური ხელისუფლების მიმართ და მიუკერძოებელ და ობიექტურ გაშუქებასთან ნამდვილად არ გვექნება საქმე“,-განუცხადა თამარ კორძაიამ „ექსპრესნიუსს“.

ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა  სოზარ სუბარმა დღეს  საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების ვრცლად შეფასებისგან  თავი შეიკავა და მხოლოდ აღნიშნა, რომ ის თავისუფალია.

„ და მიდის ის პროცესი, რაც მიდის. კანონმდებლობას რაც შეეხება, ეს იყო დადგენილი გაცილებით ადრე პარლამენტში და გულისხმობს არა ბორდის შესუსტებას, არამედ ბორდის და აღამასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლების გამიჯვნას. უფრო ღმად მე არ ვარ ჩახედული“,-განაცხადა სუბარმა.

კონკურსი, რომლის შედეგადაც, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი საეთერო სეზონისთვის ცხრა  გადაცემა შეარჩია, 3 აპრილს გამოცხადდა.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
მერია - მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება
ზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
სააგენტო - ზოგიერთ მუნიციპალიტეტსა და დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics