06:28 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-27 19:45:59, 735 ნახვა

პოლიტიკა
ბრძოლა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად - ოპოზიციისა და დამოუკიდებელი დეპუტატების მობილიზებით ე.წ. გერმანული მოდელი დაინერგება

ინტერპარტიულმა ჯგუფმა მმართველ გუნდს საარჩევნო სისტემად ე.წ  გერმანული მოდელის დანერგვა შესთავაზა. ეს მოდელი ერთპალატიან პარლამენტში მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების ერთობლიობას გულისხმობს. ის უკვე ინიცირებულია პარლამენტში, რომლის განხილვაც უახლოეს მომავალში დაიწყება.

დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა გულისხმობს 50%-ის პროპორციულ სისტემით არჩევას და მეორე 50%-ს მაჟორიტარულით.

"ექსპრესნიუსი" დაინტერესდა თუ რა უპირატესობით სარგებლობს "გერმანული მოდელი" არსებულთან შედარებით და რამდენად დიდი შანსია, პარლამენტმა ის მიიღოს.

ჩვენი ინფორმაციით, "თავისუფალი დემოკრატები", "რესპუბლიკელები" , "ეროვნული ფორუმი", "ნაციონალური მოძრაობა", "გირჩი" და დამოუკიდებელი დეპუტატები ე.წ გერმანულ მოდელს მხარს უჭერენ. ჯამში კანონპროექტს 76 ხმა ექნება მიღებული. ამასთან აღსანიშნავია, კობა დავითაშვილის 77-ე ხმაც, რომელიც პარლამენტთან ბოიკოტის რეჟიმშია. აქედან გამომდინარე ის ხმის მიცემაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. თუ ოპოზიცია 76-ვე დეპუტატის მობილიზებას შეძლებს, სავარაუდოდ კანონპროექტი დეპუტატთა უმრავლესობის - 76 პარლამენტარის მხარდაჭერას მოიპოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი, ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარდება.

ე.წ. გერმანული მოდელის დანერგვას მმართველი გუნდი პრინციპულად ეწინააღმდეგება. ცნობილია, რომ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ამ პოლიტიკურ ბრძოლაში პარტნიორი ფრაქციები - „მრეწველები“ და „კონსერვატორებიც“ უჭერენ მხარს.

დეტალების გასარკვევად, "ექსპრესნიუსი" "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარეს, ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენელს მამუკა კაციტაძეს დაუკავშირდა.

როგორც კაციტაძემ აღნიშნა, "გერმანული მოდელი" და მოქმედი მოდელი შინაარსობრივად აბსოლუტურად ერთი და იგივეა.

"საარჩევნო ადმინისტრაციას რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღება არ უწევს. განსხვავება და მთავარი მომენტი დევს იმაში, რომ გერმანული მოდელის მიხედვით მანდატები ნაწილდება მიღებული ხმების პროპორციულად ანუ რამდენ პროცენტსაც მიიღებთ ხმებისას იმდენ პროცენტს მიიღებთ 150 მანდატიან პარლამენტში. ხოლო მოქმედი მოდელი დაახლოებით 25%-იანი მანდატთა მითვისების საშუალებას აძლევს მმართველ პარტიას. თუ მარტივად ვიტყვით, რომ ამ 150 კაცში 25%-იანი ცდომილება რას ნიშნავს, ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს არის დაახლოებით, 37-38 მანდატი. 38 მანდატს, რომ მოიპარავ და მერე იამაყებ, უმრავლესობაშ ვარო, მემგონი არაფერი გაქვს საამაყო", - განმარტა მამუკა კაციტაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტში "გერმანული მოდელის" მხარდასაჭერად საკმარისი ხმაა.

"თუ რომელიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა მოიმიზეზა, რომ სრულად არ ვართ საქართველოში, ეს იქნება "პოლიტიკური კუდრაჭობა" რაც პრინციპში მისცემს ამ ხალხს გვერდზე გაწევის საშუალებას, მაგრამ საზოგადოებისგან ეს პოზიცია გვერდით ნამდვილად ვერ გაიწევა.

"თავისუფალი დემოკრატები", "რესპუბლიკელები" , "ფორუმი", "ნაციონალური მოძრაობა", "გირჩი" და ცალკეული დეპუტატები მოდელს მხარს უჭერენ. ჯამში ეს არის 76 ხმა, რაც არის საკმარისი კანონის შესაცვლელად. თუ 76 ხმა არ მოგროვდა, ესეიგი ძაღლის თავია სადღაც დამარხული ან თავები. სწორედ ამ თავების და თავის აღმოჩენის ან არ აღმოჩენის მოლოდინში ვართ ჩვენ, რასაც კანონის შეცვლა მოჰყვება", - განაცხადა "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარემ.

მისივე ინფორმაციით, პირველი საკომიტეტო მოსმენები მომავალ კვირას იქნება.

"ექსპრესნიუსი" ე.წ გერმანული მოდელის ერთ-ერთი მხარდამჭერი პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, სერგო რატიანს დაუკავშირდა.

როგორც რატიანმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, "ნაციონალურ მოძრაობას" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები აქვს ინტერპარტიულ ჯგუფთან.

"კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს. გერმანული ვარიანტი არის უკეთესი იმაზე, რაც დღეს გვაქვს უმრავლესობის მიერ მიღებული. ჩემი აზრით უმჯობესია პროპორციულ მეთოდზე გადასვლა და 12 პარტიის მიერ შემუშავებული მოდელის მიღება. "ნაციონალური მოძრაობა" მხარს უჭერს ამ მოდელს, თუმცა ჩვენი აზრით ის დასახვეწია", - განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, ის ე.წ გერმანული მოდელის მხარდაჭერის სურვილს საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ვერ ხედავს.

"ეჭვი მაქვს, რომ უმრავლესობა ამ მოდელს მხარს არ დაუჭერს. მათ მხრიდან, ამის სურვილს ვერ ვხედავ", - აღნიშნა სერგო რატიანმა.

„ექსპრესნიუსი“ მმართველი გუნდსაც დაუკავშირდა. ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის გია ჟორჟოლიანის თქმით, ის "გერმანულ მოდელს" მხარს არ უჭერს და არსებულ მოდელს ემხრობა.

"ე.წ გერმანულ მოდელს არ ვემხრობი და ვთვლი, რომ არსებული მოდელი უკეთესია. ეს განპირობებულია იმით, რომ მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნების პირობებში, მიღებული გადაწყვეტილებები კანდიდატის გაყვანას უზრუნველყოფს ანუ ამომრჩევლის ნებას. „გერმანულ მოდელს“ რაც შეეხება, ის მხოლოდ პროპორციის დონეზეა და მაჟორიტარების როლი შესუსტებულია", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მისივე განცხადებით, საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციის მოთხოვნებს არ შეესაბამება და ამ კანონს მიღების შანსი არ აქვს.

ბელა არუთინოვი




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics