03:50 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 16:11:53, 1081 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრი ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა

მინდა მოგისმინოთ თქვენ, მოვისმინო რეკომენდაციები ადამიანებისგან, რომელთაც აქვთ დიდი გამოცდილება და კარგად ხედავენ, თუ რა არის გასაკეთებელი, რათა მცირე და საშუალო ბიზნესს კიდევ უფრო გაუადვილდეს მუშაობა,- ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველ ბიზნესმენებს.

გიორგი კვირიკაშვილი დღეს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში მან ბიზნესმენებს რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა გააცნო და აღნიშნა, რომ მთავრობას აქვს ქვეყნის სწრაფი განვითარების კონკრეტული გეგმა, რომელსაც შეუძლია მოიტანოს მნიშვნელოვანი გარღვევა ქვეყნის ეკონომიკაში.

"ვფიქრობთ,  მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმას შეუძლია, მოიტანოს ძალიან სერიოზული თვისობრივი ცვლილება ქვეყნის განვითარებაში. არჩეულია ზუსტად ის მიმართულებები, რომლებზეც ფოკუსირება მოგვცემს საშუალებას, ძალიან მნიშვნელოვანი თვისობრივი ცვლილებები მოვიტანოთ ქვეყნის განვითარებაში.  ეს გახლავთ ეკონომიკური ზრდის დაჩქარების პროგრამა. პარლამენტმა უკვე დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელის მიხედვითაც, 1 იანვრიდან მოგების გადასახადი უქმდება ქვეყანაში. დაიბეგრება მხოლოდ განაწილებული მოგება. ამ პაკეტის თანახმად, ასევე ანგარიშების დაყადაღება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე აღარ იქნება შესაძლებელი. ესეც მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში. ჩვენ ვმუშაობთ დამატებით ცვლილებებზე, მათ შორის,  კომპანიების შემოწმების ვადის რეგლამენტირებაზე და ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოყენებაზე",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის კომპონენტია  „სტარტაპების"  დაფინანსების ნაწილი, რომელიც გაგრძელდება არა მხოლოდ ინოვაციების მხრივ, არამედ სტარტაპების მიმართულებითაც. პრემიერის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ასევე მუშაობს საპენსიო რეფორმაზე.

"მომავალ წელს ჩვენ მზად ვიქნებით, რომ დავიწყოთ დაგროვებითი საპენსიო სისტემა. სამწუხაროდ, ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ამ მიმართულებით დიდი დრო დავკარგეთ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშავეთ, რათა შეგვემუშავებინა მოდელი მსოფლიო სტანდარტების დახმარებით და დღეს უკვე საკანონმდებლო ცვლილებებზე ვმუშაობთ, რომელიც აუცილებელი იქნება ამ საპენსიო სისტემის დანერგვისთვის", - აღნიშნა პრემიერმა.

 

გიორგი კვირიკაშვილმა ვრცლად ისაუბრა განათლების ფუნდამენტურ რეფორმაზე. მისი განმარტებით, პროფესიული განათლების მიმართულებით უკვე დაწყებულია გერმანული დუალური განათლების სისტემის დანერგვა, სადაც კერძო სექტორთან ერთად მოხდება კადრების გადამზადება, არა მხოლოდ სტუდენტების, არამედ საშუალო ასაკის ადამიანების, რაც პირდაპირ იმოქმედებს უმუშევრობის შემცირებაზე. მთავრობის მეთაური შეეხო მმართველობით რეფორმას, რაც ერთიანი სახელმწიფო სერვისის შექმნას ითვალისწინებს.

"ეს იქნება ერთი ფანჯრის პრინციპი.  ჩვენ რამდენიმე დღეში გვექნება  ერთიანი  "ბიზნეს სახლის" გეგმის პრეზენტაცია, სადაც გაერთიანდება სხვადასხვა სამინისტროების მომსახურების სერვისები. ასევე,  ჩვენ გავაკეთეთ საინვესტიციო საბჭო და კარგი იქნება, თუ მცირე ბიზნესის ერთი წარმომადგენელი მაინც იქნება ჩართული ამ საბჭოს მუშაობაში, რათა თავიდან იქნას აცილებული ნეგატიური სიურპრიზები,"-განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამხვილა ქვეყნის სივრცით განვითარებაზე და  ისაუბრა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებას ხელისულება მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს.

"ოთხი წლის განმავლობაში ვგეგმავთ, დავასრულოთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, სარფიდან დაწყებული წითელ ხიდამდე და სადახლომდე. ასევე ავაშენოთ თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ავტობანი", - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა მცხეთა-ლარსის გზის მშენებლობაზე და აღნიშნა, რომ საჭირო იქნება პარტნიორობა, რათა ეს ავტობანი მივიდეს ვლადიკავკაზამდე. მისივე ინფორმაციით, დაგეგმილია გზის მშენებლობა ქუთაისიდან ცაგერის და ლენტეხის გავლით სვანეთისკენ, გვირაბების მეშვეობით.

„უკვე უახლოეს პერიოდში დაიწყება ლენტეხიდან შემოვლითი გზის მშენებლობა მესტიის მიმართულებით, უშგულის გავლით, მაგრამ ეს გზა საკმარისი არ იქნება კურორტ თეთნულდის განვითარებისთვის. ამიტომ იქ საჭიროა გვირაბების აშენება. ასევე ვფიქრობთ, რომ ქუთაისიდან სამხრეთ საქართველოსკენ მიმავალი გზა ოთხ წელიწადში ავაშენოთ. დაწყებულია დაპროექტების სამუშაოები. ეს იქნება საჭირო იმისთვის, რომ ქუთაისი გავხადოთ ქვეყნის შიდა ჰაბი", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნის სწრაფი განვითარების გეგმის განხორციელების  პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის როლს. მთავრობის მეთაურმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა და მოისმინა მათი კონკრეტული მოსაზრებები არსებული ბიზნესგარემოს გაუმჯობებისა და წარმოების განვითარების კუთხით.

პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას მცირე და საშუალო ბიზნესის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics