02:12 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 18:38:05, 1499 ნახვა

პოლიტიკა
2012-დან 2016 წლამდე - გაუარესებული თუ გაუმჯობესებული წინასაარჩევნო გარემო

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ქართველი ექსპერტები  წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ. „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ექსპერტთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ 2012 წელთან შედარებით, წინასაარჩევნო გარემო გაუმჯობესებულია.

კერძოდ,  ექსპერტების აზრით, გარემო ახლა უფრო თავისუფალი,  სამართლიანი, კონკურენტუნარიანია  და რაც მთავარია, ორი დომინანტი პარტიის გარდა, პარლამენტში მოხვედრის შანსი სხვებსაც აქვთ. თუმცა, ამავდროულად ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, ოპოზიციონერი დეპუტატის მანქანის აფეთქება საარჩევნო გარემოზე და ქვეყნის იმიჯზე ცუდად აისახება:

„თუარ ჩავთვლით გუშინწინ რაც მოხდა, აფეთქებას ვგულისხმობ, საარჩევნო გარემო მეტნაკლებად ნორმალურად მიმდინარეობდა. პატარა ინციდენტები, რა თქმა უნდა, იყო, იგივე კორცხელში და ზოგადად რეგიონებში, რაც მოსალოდნელიც იყო ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

ამ აფეთქების ინციდენტმა აბსოლუტურად გადაფარა ეს ყველაფერი და სამწუხაროდ,   ის არა მარტო საარჩევნო გარემოს შეეხო, არამედ ქვეყნის იმიჯზეც ძალიან ცუდად ისახება გამომდინარე იქიდან, რომ ერთის მხრივ, ქვეყანა ცდილობს, რომ საკუთარი თავი დააფიქსიროს როგორც ჩრდილოატლანტიკური სივრცის მომავალი წევრი და მივისწრაფით, რომ ნატო-ს წევრები გავხდეთ და ამავე დროს, რეალობად  ჩანს, რომ შენ თურმე იმასაც ვერ უზრუნველყოფ, რომ ნორმალური არჩევნები ჩაატარო, ეს მთლიანობაში ძალიან უშლის ხელს  ჩვენი საერთაშორისო  იმიჯის განმტკიცებას განსაკუთრებით იმ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, როგორიცაა ევროკავშირი და ნატო. მთლიანობაში, თუ გადავხედავთ ამ საარჩევნო გარემოს, ძალიან პოლარიზებულია, როგორც იყო კიდეც 2012 წელს, უბრალოდ ამ არჩევნებში განსაკუთრებული ის არის, რომ წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ვერავინ იტყვის ზუსტად ვინ გაიმარჯვებს და  რომელი პარტიები შევლიან პარლამენტში. ამ შემთხვევაში არა მხოლოდ 2 პარტიას აქვს გარანტი, არამედ სხვა პარტიებსაც შეუძლიათ შესვლა. შეიძლება ითქვას, რომ 3-4 პარტიაც კი იყოს პარლამენტში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ  ახლა არჩევნები უფრო კონკურენტუნარიანია, ვიდრე წინა არჩევნები.  წინა არჩევნების მიზანი უფრო იყო რეჟიმის შეცვლა და ეს არჩევნები ცოტა სხვა კუთხითაა აღსანიშნავი“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ კორნელი კაკაჩიამ.

მას 5 პარტიული პარლამენტის  მოლოდინი აქვს:

 „თუმცა ყველაფერს ალბათ არჩევნების დღე გვაჩვენებს“,-აღნიშნა  კაკაჩიამ.

ექსპერტ ვაჟა ბერიძის შეფასებით, თუკი რამდენიმე დაძაბული საარჩევნო დღე მშვიდობიანად ჩაივლის,  სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების  ჩატარება შეიძლება ფაქტი გახდეს:

„წინასაარჩევნო გარემო უკეთესია, ვიდრე 2012 წელს, უფრო თავისუფალია და უფრო სამართლიანი, ვიდრე ეს იმ პერიოდში იყო. თუმცა  წინასაარჩევნო გარემო ყოველთვის მოიაზრება  ხმის მიცემის პროცესთან და ჯერჯერობით სერიოზული დასკვნების გაკეთება ძნელია, მაგრამ დღესვე შეიძლება ითქვას, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების  ჩატარება შეიძლება ფაქტი  გახდეს რამდენიმე დღის შემდეგ, თუ ეს ძალიან დაძაბული რამდენიმე დღე მშვიდობიანად ჩაივლის“,-განაცხადა ვაჟა ბერიძემ.

მისივე თქმით, ძალებს, რომლებმაც წინასაარჩევნოდ დესტაბილიზაცია ჩაიფიქრეს, არაფერი გამოუვიდათ და ეს ძირითადად ქართული საზოგადოების დამსახურებაა:

„სახელმწიფოს ფუნქცია ისაა, რომ ექსცესები თავიდან აირიდოს და გამოწვევებსა და საფრთხეებზე შესაბამისი, დროული და სათანადო რეაგირება მოახდინოს. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ  იმ ძალებს, რომლებმაც ჩაიფიქრეს წინასაარჩევნოდ დესტაბილიზაცია,  არაფერი გამოუვიდათ. ამაში მთავარი დამსახურება ქართულ საზოგადოებას მიუძღვის, რომელმაც ადეკვატურად აღიქვა ყველა გამოვლინება მიუღებელი მოვლენების, როგორებსაც ჰქონდა ადგილი დაწყებული კორცხელის ინციდენტიდან, დამთავრებული მანქანის აფეთქებით“,-აღნიშნა ბერიძემ.

თუმცა, მისივე განმარტებით,   მსოფლიოს განვითარების დღევანდელ ეპოქაში ასეთი მოვლენის გამორიცხვა შეუძლებელია:

„ხალხის დამსახურება ისაა, რომ ისტერია არ შეიქმნა  საზოგადოებაში. კორცხელის ინციდენტის გამოძიებაც უნდა დასრულებულიყო აქამდე, მაგრამ აქ (მანქანის აფეთქება) ნამდვილად უნდა დავსვათ კითხვა, ვის აძლევდა ხელს ეს ფაქტი (რადგან შეუძლებელია რამდენიმე დღეში ამის გახსნა) და ამის შემდეგ გავაგრძელოთ ცხოვრება ისე, როგორც მიმდინარეობს, ოღონდ მივუთითოთ უსაფრთხოების უწყებებს, შინაგან საქმეთა სამსახურებს, რომ  უფრო ფხიზლად იყვნენ, რომ სერიოზული ზიანი არ მიადგეს საზოგადოებრივ წესრიგს და  ის საფრთხე, რომელიც ყოველთვის არსებობს, განსაკუთრებით არჩევნების წინ, დესტაბილიზაციის საფრთხე, რომელიც ბევრ გარე და შიდა ძალას აძლევს ხელს, ეს ფაქტორები არ ამოქმედდეს და ამაში მთავარი სიტყვა უნდა თქვას ქართულმა საზოგადოებამ, რახან სახელმწიფო უწყებები ჯერ კიდევ არ არიან იმდენად  ეფექტურები, როგორიც სასურველია ასეთ საფრთხეებთან ბრძოლაში.

ძალიან ბევრი გარე და შიდა ძალაა, ვისაც არა მარტო აფეთქება აძლევდა ხელს, რომელიც ზუსტად ისე განხორციელდა, როგორც მის ავტორებს ჰქონდათ ჩაფიქრებული, ჩემი აზრით, ბატონი გივის ფიზიკური განადგურება ჩაფიქრებული არ იყო. არაპროფესიონალებიც კიარ დაუშვებენ ასეთ შეცდომას ტერაქტის განხორციელებისას. მაგრამ ამ ოპერაციის ავტორებს ჩაფიქრებული ჰქონდათ ის, რომ საზოგადოებრივი ცნობიერების სტრესი გამოეწვიათ არჩევნების წინ და დაეძაბათ ვითარება, ან უბრალოდ შემსრულებლები იყვნენ. ესენი არიან ის გარე და შიდა ძალები, რომლებსაც საქართველოს მშვიდობიანი განვითარება ხელს არ აძლევდა.ასეთი ძალები ჩვენს სამეზობლოებშიც არის და იმ პოლიტიკურ  სპექტრში, რომელსაც ამბიცია აქვს ხელისუფლებაში მოსვლის, მაგრამ რეალურად საზოგადოებრივი აზრი საამისოდ განწყობილი არაა“,-განაცხადა ვაჟა ბერიძემ და დასძინა, რომ პირველი, ვის ინტერესებშიც ტერაქტი არ შედიოდა, ხელისუფლებაა:

„რა ინტერესი შეიძლება  ჰქონდეს ხელისუფლებას ამ შემთხვევაში. პირველი, ვისაც არ აძელვდა ხელს ეს ტერაქტი, არის სწორედ ხელისუფლება.“ნაციონალური მოძრაობის“ იმ ნაწილებსაც, რომლებიც გონიერია,  პრაგმატულია და საღად აფასებს მოვლენათა განვითარებას, და ესენი მარტო იქიდან წამოსული „გირჩი“ და ვაშაძე არ არიან, იქ არის კიდევ ბევრი ადამიანი. საერთოდ, მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, „ნაციონალების“ დემონიზაციის, რადგან ვისაც კონკრეტული დანაშაული არ ჩაუდენია ქვეყნის  წინაშე, ესენი არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, ზოგჯერ ძალიან მაღალინტელექტუალური და სამშობლოს მოყვარული. ამიტომ, ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ. ანუ, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ არ უნდა აძლევდეს ხელს ქვეყანაში დესტაბილიზაცია, საზოგადოებრივი ცნობიერების სტრესი. შესაძლოა თვითონ პარტიაში, ან მის გვერდით, ან  სხვა პოლიტიკურ სპექტრში, ან უცხოური ქვეყნის აგენტურა მოქმედებდეს საქართველოში, რომელსაც შეიძლება ხელს აძლევდეს ტერაქტები. სხვა გონიერ ადამიანს, ამ ქვეყნის მომავალზე მზრუნველს, ხელს არ უნდა აძლევდეს და ვფიქრობ, არც აძლევს არანაირი დაძაბულობა ამ ქვეყანაში“,-განუცხადა ვაჟა ბერიძემ „ექსპრესნიუსს“.

ექსპერტი სოსო ცინცაძე კი  მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო გარემო გაუმჯობესებულია, თუმცა "ფონია სისხლიანი":

„ძალადობა, აფეთქებები, 15 წლის ბავშვის მკვლელობა, გორში სროლები, დაჭრა. სისხლიანი ფონია, თორემ ხელისუფლების მხრიდან ღია ჩარევა, როგორიც იყო 2012 წელს, ნამდვილად არ არის.  მთლიანობაში მეტი თავისუფლებაა გაცილებით. არის ექსცესები, არასასიამოვნო ექსცესები, რომელიც უფრო მეტად ვნებს სახელმწიფოს ავტორიტეტს საზღვარგარეთ, ვიდრე ზეგავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე.

 საზღვარგარეთ დამკვირვებლებისთვის, სხვებისთვის ეს უკვე არის კოშმარი, როგორ შეიძლება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ააფეთქონ ოპოზიციონერთა ლიდერის ავტომანქანა, ესროლონ კანდიდატს, ბავშვი მოკლან დაპირისპირებაში, ეს ფონია ასეთი“,-განაცხადა სოსო ცინცაძემ.

მას უჭირს თქმა, ვის ინტერესში შედიოდა დეპუტატის მანქანის აფეთქება, თუმცა  ზუსტად იცის, ვის ინტერესში არ შედიოდა-ესაა  პირველ რიგში ხელისუფლება:

„გამორიცხვის მეთოდით უნდა ვიმუშაოთ, უფრო იოლია პასუხი, ვის ინტერესებში არ შედიოდა. პირველი-არ შედიოდა ეს ხელისუფლების ინტერესებში, ეს გამორიცხულია, უკეთესი იქნება, გამოძიება ჩაატაროს საზღვარგარეთის რომელიმე კომპეტენტურმა ორგანომ. ამან შექმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ არჩევნები ძალადობის ფონზე მიმდინარეობს“,-აღნიშნა სოსო ცინცაძემ და დასძინა, რომ ყველაზე ცუდია, როცა  ამ ფონს სიძულვილის კულტივირება გასდევს:

„ შეიძლება ყველაფერი მართალი იყოს იმ ხაინდრავას ფილმში „ჰეროკრატია“, მაგრამ უდროოდ იყო, ასეთი ფილმი უნდა გადაღებულიყო ალბათ არჩევნების შემდეგ, ან არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე. ამ სიძულვილმა ამოხეთქა.პროპაგანდით, აგიტაციით დახმარება არ ვარგა.უკეთესი იქნებოდა საზოგადოებას დახმარებოდა ხელისუფლება სწორი არჩევანის გაკეთებაში კარგი ცხოვრებით, რომ ყველა ჩვენგანს ეთქვა-მე დღეს უკეთესად ვცხოვრობ, ვიდრე ვცხოვრობდი 4 წლის წინ“,-განაცხადა სოსო ცინცაძემ, რომელიც სხვა ექსპერტების მსგავსად 4-5 პარტიულ პარლამენტს პროგნოზირებს.

კიდევ ერთი ექსპერტის, სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდი უფრო ბევრად აჟიტირებული იყო თავად ამომრჩეველთა სივრცეში, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების ოცნება, რომელზეც ხმამაღლა ვერც საუბრობდნენ, ივანიშვილის წყალობით, ახდა. ცისკარიშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილს ეს დამსახურება არ უნდა დაეკარგოს, თუმაც ისიც ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ხალხს სხვა მოლოდინები ჰქონდა:

 „ სასოწარკვეთილი ქართული საზოგადოება, რომელსაც არ ჰქონდა იმედი, რამენაირად ჩამოეშორებინა ხელისუფლებიდან „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ოცნება, რომელზეც ხმამაღლაც ვერ საუბრობდნენ, აღმოჩნდა შესაძლებელი პოლიტიკურ სივრცეში ბიძინა ივანიშვილის წარმოჩენის შედეგად. ეს დამსახურება მას არ უნდა დავუკარგოთ. მაგრამ ის, რაც ხდება დღეს,  უნდა ვაღიაროთ, რომ განსხვავებულია იმისგან, როგორიც იყო მოლოდინი მას შემდეგ,  რაც ხელისუფლებაში აღმოჩნდა „ქართული ოცნება“. სამწუხაროა, რომ არა მხოლოდ არშესრულებული დაპირებებია უკმაყოფილების მიზეზი, არამედ ზოგადად დემოკრატიული განვითარების მიჭირხვნა არალეგიტიმური მმართველობის სივრცეში. ამიტომ, ვიდრე ასეთი დიდი შესაძლებლობების მქონე პოლიტიკური სუბიექტები არ მიეჩვევიან თვითკრიტიკას და არ ჩათვლიან, რომ რაიმე განხვავებული აზრის პირები მხოლოდ მოწინააღმდეგე პილიტიკური ძალის მხარდამჭერი არ არიან, რასაკვირველია წარმატება მიუღწეველია.ამიტომ კიდევ უფრო  სერიოზული დატვირთვა აქვს 2016 წლის  არჩევნებს, რადგან  აქ სრულიად მკაფიოდაა შესაძლებლობა წინსვლისა, ვგულისხმობ დაახლოებას ნატო-სთან და ევროკავშირთან. ისევე როგორც უკუსვლა,  რადგან სერიოზული ძალები არიან დაინტერესებული იმაში, რომ საქართველო აღმოჩნდეს  ევრაზიულ ტლაპოში“,-აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა და დასძინა, რომ ავტომობილის აფეთქების ფაქტი წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას მნიშვნელოვანია:

„ავტომობილის აფეთქების შემდეგ, ეს კითხვა მარტივად მოიცავს პასუხსაც. ასეთი რამ 2012 წელს არ მომხდარა. ისევე როგორც, იმდროინდელი უსაფრთხოების სამსახური უფრო დელიკატურად მოქმედებდა, თუმცა უფრო დამამცირებელი იყო ხოლმე  2012 წელს ნაბიჯები, რასაც დგამდა შსს და მითუმეტეს კონტროლის პალატა, როდესაც აიძულებდნენ ამომრჩევლებს, ოპოზიციური პარტიისა, საერთოდ დაბარებულებს არჩევნების წინა დღეს, ორი დღით ადრეც, ტანსაცმლის გახდას, რომ დაეთვალიერებინათ. რას ეძებდნენ გაუგებარია, მაგრამ რომ დაემცირებინათ ის პირები, რომლებიც არ წარმოიდგინებოდნენ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები.მაგრამ დრო გავიდა, ჩვენ ვკარგავთ წლებს, როცა ვედრებით 2012-ს . ისე დაინგრა საბჭოთა კავშირი, რომ თავიანთ ეკონომიკურ და ფინანსურ წარმატებებს ადარებდნენ 1919 წლის მეფის რუსეთს და პარტიის ყრილობებზე ტრაბახობდნენ, როგორი წინსვლაა. ჩვენს თავს ვნებთ, როცა ჩვენი წარმატების რეალობა არა მომავალზე,  არამედ წარსულზეა ორიენტირებული“,-განუცხადა სოსო ცისკარიშვილმა „ექსპრესნიუსს“.

ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო დაინტერესებული ხალხმრავალ ადგილას მანქანის აფეთქებით-ცისკარიშვილის აზრით, უპირველეს ყოვლისა ეს იმ ძალისთვისაა მომგებიანი, რომელიც  დიდი ხანია ცდილობს, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური სივრცეებისკენ  გზა გადაუკეტოს:

„ თუ 8 ოქტომბრის არჩევნები არ იქნა აღიარებული ლეგიტიმურად და აუცილებელი გახდა თავის მართლება რატომ ასე და არა ისე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მიმართ უამრავი კომპლიმენტი, რომელსაც ევროკავშირისგან და ნატოსგან ვისმენდით, უკვე წარსულს ჩაბარდება. ორივე თავს შეიკავებს არა მხოლოდ კომპლიმენტებისგან, არამედ თავად თანამშრომლობის ფორმატიც დიდი ალბათობით დაკნინდება. არაა ძნელი მისახვედრი, რომ სურვილი წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო დავიდარაბის ჩვენს ქვეყანაში,  სრულიად მკაფიოდაა გამოხატული რუსეთის საგარეო პოლიტიკაში. კრემლი ყველა ზომას მიმართავს, რომ საქართველო არ აღმოჩნდეს ინტეგრირებული ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში,  მაგრამ ასე ხელაღებით ბრალის წაყენება რუსეთისათვის, არ იქნებოდა სერიოზული ნაბიჯი, თუმცა ფაქტია, რომ შფოთი, რომელიც მუდმივი თანამდევია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისა თითქმის 1 წლის განმავლობაში, ინიცირებულია სწორედ იმავე ძალების მიერ, მაგრამ სამწუხაროდ გვაქვს არაერთი ფაქტი, რომ შფოთს აღვივებს პერიოდულად ხან „ნაციონალური მოძრაობა“, ხან „ქართული ოცნება“, მართალია განსხვავებული მიდგომები აქვთ ამ ორივე ძალას ნებისმიერი საკითხის მიმართ, მაგრამ ხდება ისე, რომ შფოთი არ კლებულობს ქვეყანაში. ჩვენ კი კარგად გვახსოვს საკვირაო ქადაგებისას ნათქვამი პატრიარქისგან, რომ იქ, სადაც შფოთია, ჭეშმარიტება ვერ გაიმარჯვებს. ფაქტია, რომ უკუღმა გაიგეს ყველაფერი ზოგიერთმა პოლიტიკოსებმა და დღეს ვაკვირდებით შედეგებს იმისას, რომ დიახ, ჭეშმარიტების საფრთხეს ხედავს როგორც ერთი, ისე მეორე წამყვანი პოლიტიკური სუბიექტი. ერთმანეთის ლანღვა-გინების 4 წლიანი ხანგრძლივობის პერიოდი სამწუხაროდ დღესაც აქტუალურია ამ სუბიექტებისთვის და ისინი სრულიად მშვიდად იგრძნობენ თავს შემდგომ 4 წლედშიც, თუ მოახერხეს, რომ ისინი დარჩნენ კვლავ ორ სუბიექტიანი პარლამენტის პირობებში. ამიტომ, დაწმუნებული ვარ,  სამართლიანი იქნება თუ არა არჩევნები,  ამის ძალიან მკაფიო ლაკმუსის ქაღალდი იქნება ფაქტი, რამდენი სუბიექტი აღმოჩნდება საპარლამენტო სავარძელის მომპოვებელი“,-აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა, რომელსაც სამართლიანი არჩევნების პირობებში, ახალ პარლამენტში  სულ ცოტა 5 სუბიექტი ეგულება:

„აი რომლები, ეს გადასაწყვეტია ამომრჩევლების მიერ, რადგან დაახლოებით 3-4 სუბიექტს აქვს რეალური შესაძლებლობა პარლამენტში აღმოჩენისა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 4-ვე აღმოჩნდება, განსხვავება შედეგებში იქნება მცირე, მაგრამ ზოგისთვის ეს სიმცირეც ტრაგიკული აღმოჩნდება“,-დასძინა ცისკარიშვილმა.

 ხვალ ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება, პარლამენტის 150 დეპუტატი აირჩიოს; აქედან 77 წევრი პროპორციული საარჩევნო სისტემის, ხოლო 73 წევრი - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

ამომრჩეველმა არჩევანი 25 საარჩევნო სუბიექტს - 19 პარტიასა და 6 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს და ასევე, არჩევანი უნდა გააკეთოს ამ სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის.

5 ოქტომბერს უკვე გაიმართა არჩევნები ავღანეთში გახსნილ 2 საარჩევნო უბანზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლის შედეგებიც 8 ოქტომბერს დაითვლება.

არჩევნებს საარჩევნო სუბიექტების 42 092 წარმომადგენელი, 111 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 29 931 და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1440 დამკვირვებელი დააკვირდება.

რაც შეეხება საარჩევნო პროცესის გაშუქებას, მასში 184 მედიაორგანიზაციის 5368 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

 

თეონა ნოზაძე




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics