08:09 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-21 16:51:08, 677 ნახვა

პოლიტიკა
„არჩევნებში ძალადობის ადგილი არ არის“ – NDI რეკომენდაციებს ავრცელებს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის წინ რეკომენდაციებს ავრცელებს.

NDI-ს შეფასებით, არჩევნებზე გამოვლენილი პრობლემური საკითხების რეაგირების გარეშე დატოვებამ შესაძლოა, მომავალი არჩევნების, ასევე მომავალი პარლამენტისა და მთავრობის მანდატის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენოს.

„8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების უმრავლესობას ჰქონდა საშუალება, თავისუფლად მიეცა ხმა და არჩევნების შედეგები მათ ნებას ასახავს. თუმცა არჩევნებმა და არჩევნების შემდგომმა პერიოდმა რიგი პრობლემები გამოავლინა, რამაც სპეკულაციას, გაუგებრობასა და უნდობლობას შეუწყო ხელი. ამ საკითხების რეაგირების გარეშე დატოვებამ შესაძლოა მომავალი არჩევნები, ასევე მომავალი პარლამენტისა და მთავრობის მანდატის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენოს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ოთხი განმეორებითი კენჭისყრისთვის (22 ოქტომბერს) და ასევე 50 ოლქში მეორე ტურისთვის (30 ოქტომბერს) ემზადება, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ, საარჩევნო ადმინისტრაციამ, სამართალდამცავმა ორგანოებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ საკუთარი უფლებამოსილებები და რესურსები ამ პრობლემების მოსაგვარებლად გააერთიანონ”, - აცხადებენ NDI-ში.

ამასთან, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი მოუწოდებს ყველა ჩართულ მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან; ასევე მოხდეს ყველა დამნაშავის მიმართ სწრაფი და კანონის შესაბამისი რეაგირება.

„არჩევნებში ძალადობის ადგილი არ არის. დამკვირვებლებმა უნდა შეძლონ საკუთარი მოვალეობის შესრულება მშვიდ და თავისუფალ გარემოში. NDI მხარს უჭერს საარჩევნო საჩივრების განხილვის სწრაფ პროცესს, რომელიც კანონის თანმიმდევრული და შესაბამისი გამოყენების გზით წარიმართება. NDI მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო), საკუთარი საქმიანობა მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართოს და საზოგადოებას უფრო დეტალურად აუხსნას საკუთარი გადაწყვეტილებები და მოქმედებები. ცესკომ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის მოთხოვნებს მომზადებულები შეხვდნენ.

როგორც NDI-ის საერთაშორისო დელეგაციის მიერ 9 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღინიშნა, 8 ოქტომბერს კენჭისყრის დღე მშვიდად დაიწყო, თუმცა ძალადობისა და ხელის შეშლის სხვადასხვა იზოლირებული შემთხვევებით დასრულდა. ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცესს ხელი შეუშალეს ან შეწყვიტეს დაუმორჩილებელმა და, ზოგიერთ შემთხვევაში, აგრესიულმა ჯგუფებმა. ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე საერთაშორისო დამკვირვებლებს თავს დაესხნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მობილური ტელეფონები წაართვეს.

გარემო საფრთხის შემცველი იყო ასევე ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის. შევიწროების, შეურაცხყოფის მიყენებისა და ძალადობის შესახებ რამდენიმე ორგანიზაციამ განაცხადა, რამაც ზოგიერთი დამკვირვებელი აიძულა, დაკვირვება შეეწყვიტა. არჩევნების შემდგომი ორი კვირის განმავლობაში ძალადობა გაგრძელდა. 11 ოქტომბერს თბილისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიის თანამშრომლები და აქტივისტები ცემეს, ხოლო თეთრიწყაროში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს დაესხნენ თავს. ძალადობის შემთხვევების გაგრძელება ამომრჩევლებისთვის და აქტივისტებისთვის, რომლებიც განმეორებით კენჭისყრასა და მეორე ტურებში მონაწილეობას გეგმავენ, დამაშინებელ გარემოს ქმნის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შსს) სხვადასხვა ნაბიჯები გადადგა და არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობასა და აგრესიაში მონაწილე პირები დააკავა, რაც მისასალმებელია. თუმცა წამყვანი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორიცაა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (სამართლიანი არჩევნები), სამართალდამცავი ორგანოების რეაგირებას არათანმიმდევრულად მიიჩნევენ.

მაგალითად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებზე თავდასხმის გამოძიება, რომელიც მაისში კორცხელში შუალედური არჩევნების დროს მოხდა, ნელა წარიმართა: დამნაშავეებისთვის ბრალის წაყენებას ერთ კვირაზე მეტი დასჭირდა და სასამართლო პროცესი თვეების მანძილზე გაიწელა. 8 ოქტომბერს ჯიხაშკარში ორ საარჩევნო უბანზე სავარაუდოდ ქართული ოცნების მხარდამჭერების მიერ ძალადობის ფაქტზე მხოლოდ ორი ადამიანი დააკავეს და ერთი მათგანი თავდებით გამოუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ მოწმეები ინციდენტში ათეულობით ადამიანის მონაწილეობაზე მიუთითებენ. ასეთი რეაგირება კონტრასტში მოდის მარნეულში საარჩევნო პროცესზე ხელის შეშლაში ეჭვმიტანილი ოპოზიციური პარტიის ექვსი აქტივისტის სწრაფ დაკავებასთან და მათთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან, ასევე შსს-ს მიერ საკუთარ ვებ-გვერდზე ეჭვმიტანილების სახლებში ღამით ნიღბიანი და შეიარაღებული პირების შეჭრის ვიდეოების განთავსებასთან.

ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემებზეც ისაუბრეს. ცესკომ შემაჯამებელი ოქმები თავის ვებ-გვერდზე დაგვიანებით გამოაქვეყნა (კანონის თანახმად, ოქმები ვებგვერდზე დაუყოვნებლივ უნდა განთავსდეს) და ამასთან დაკავშირებით საჯარო განმარტება არ გაუკეთებია. ინფორმაციის ნაკლებობამ, რომელიც ხმების დათვლის დროს სხვადასხვა უბანზე არეულობას დაემთხვა, პროცესისადმი უნდობლობას და დაძაბულობას შეუწყო ხელი. ცესკომ უნდა უზრუნველყოს შედეგების სწრაფი გადაცემა და ოქმების გამოქვეყნება და დაბრკოლების შემთხვევაში დროულად განუმარტოს საზოგადოებას, რათა ნდობა მოიპოვოს. ბევრ უბანზე კომისიის წევრები არასაკმარისად მომზადებულები ჩანდნენ, განსაკუთრებით - ხმის დათვლის პროცესისთვის. ამან კიდევ უფრო გაამწვავა ის შეკითხვები, რომელიც საუბნო კომისიების ზოგიერთი პროფესიული წევრის (კანონის თანახმად, ისინი რომელიმე საარჩევნო სუბიექტს/კანდიდატს არ უნდა წარმოადგენდნენ) მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებობდა. კითხვები დაისვა მათი დანიშვნის პროცესთან დაკავშირებითაც - ბევრი პარტიის და სადამკვირვებლო ჯგუფის მოსაზრებით, ისინი წინასწარ და არა კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ. ცესკომ დროულად უნდა განიხილოს კომისიის წევრების საქმიანობასთან დაკავშირებული საჩივრები, საჭიროების შემთხვევაში დამატებით გადაამზადოს ისინი და დაითხოვოს ის წევრები, ვისაც რომელიმე მხარის ინტერესების გატარება დაუმტკიცდება.

ცესკოს მონაცემებით, კომისიებში 1000-ზე მეტი საჩივარი შევიდა. ბევრი მათგანი შემაჯამებელ ოქმებში არსებულ უზუსტობებს და ბალანსის არარსებობას ეხება, მათ შორის იყო შემთხვევები, როცა მიღებული ხმების რაოდენობა ამომრჩეველთა რაოდენობას აღემატება ან პირიქით; საჩივრები შედეგების გაბათილებას, ხელახალ გადათვლას, დისციპლინარულ ქმედებას, ან სხვა ზომების გატარებას მოითხოვდა.

დღეის მდგომარეობით ცესკომ 600-ზე მეტი დისციპლინარული სანქცია გამოიყენა და 10 უბანზე შედეგები ბათილად ცნო, საიდანაც 4 უბანში განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა. თუმცა, საიას დაკვირვებით, საჩივრების დაკმაყოფილება იშვიათად ხდებოდა. არჩევნებში, სადაც ზოგიერთ შემთხვევაში მანდატების მიღების საკითხი ხმების ძალიან მცირე რაოდენობამ შეიძლება გადაწყვიტოს, საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად ამ საჩივრების განხილვის პროცესში განსაკუთრებული ყურადღების, ღიაობისა და თანმიმდევრულობის გამოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია“, - ნათქვამია NDI-ს განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics