06:22 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-24 12:08:24, 374 ნახვა

სამართალი
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თაობაზე მრგვალი მაგიდა გაიმართა

23-24 იანვარს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ოფისში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის განხილვა მოეწყო.

იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ დისკუსიას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე უძღვებოდა. შეხვედრას აგრეთვე, საშა გრაუმანი - გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ესწრებოდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ავტორებმა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და საერთაშორისო ექსპერტებს  ის სიახლეები გააცნეს, რომელთაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ითვალისწინებს.  კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ 18 წლამდე ასაკის პირებისათვის მართლმსაჯულების სპეციალიზებული ინსტიტუტი იქმნება. 

კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების საქმეებს სპეციალიზებული პოლიციელები, გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები განიხილავენ. ალექსანდრე ბარამიძის თქმით, აღნიშნულ თემაზე საჯარო დისკუსიები მნიშვნელოვანია.

„გრძელდება საჯარო განხილვები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე. შეხვედრას ესწრებიან იუსტიციის სამინისტროს, მთავარი  პროკურატურის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების  წარმომადგენლები, ასევე, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მუშაობენ. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი კომენტარები და შენიშვნები  გაკეთდა და ეს,  შეძლებისდაგვარად, ასახული იქნება პროექტის საბოლოო ვარიანტში“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

როგორც გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საშა გრაუმანმა აღნიშნა, გაერო-ს ბავშვთა ფონდი  ევროკავშირთან ერთად მხარს უჭერს და  მიესალმება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების  კოდექსის შემუშავებას.

„ჩვენ მოუთმენლად ველით კოდექსის ძალაში შესვლას და, ამავე დროს,  გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ  ხელი შევუწყოთ მის იმპლემენტაციას“, - განაცხადა საშა გრაუმანმა.

ახალი კოდექსი ერთ საკანონმდებლო აქტში აერთიანებს არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის პროცესის, სასჯელაღსრულების და სხვა საკითხების მარეგულირებელ ნორმებს და აწესებს  არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ახალ სტანდარტსა და მექანიზმებს. 

უწყების ცნობით, უცვლელი რჩება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი, რაც ისევ 14 წლით განისაზღვრება. სისხლის სამართლის დევნასთან მიმართებაში  უპირატესობა ენიჭება აღდგენითი მართლმსაჯულებისა და მედიაციის, აგრეთვე, განრიდების ინსტიტუტებს. პატიმრობის, როგორც სასჯელის ფორმის, გამოყენება არასრულწლოვანთან მიმართებაში მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე იქნება შესაძლებელი და მისი მაქსიმალური ზომა 10-15 წლით განისაზღვრება. იკრძალება არასრულწლოვნისათვის უფრო მაღალი სასჯელის და უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება. ეს მიდგომები არასრულწლოვნებისადმი აღარ იქნება დამოკიდებული ბრალდების მხარის კეთილ ნებაზე, პრაქტიკაზე, არამედ წარმოგვიდგება როგორც ინსტიტუციურად გარანტირებული.

ახალი კოდექსის მიხედვით, ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე ბავშვისთვის პატიმრობის ვადა 60-დან 40 დღემდე მცირდება, ნასამართლობის მოხსნა კი სასჯელის მოხდისთანავე მოხდება. თუმცა, თუ ადრე გასამართლებული არასრულწლოვანი დანაშაულს განმეორებით ჩაიდენს, სასჯელის დანიშვნის დროს მისი ნასამართლობა მხედველობაში მიიღება. შესაბამისად, კოდექსის მთავარი მიზანი არასრულწლოვნისათვის რესოციალიზაციის შანსის მიცემაა.

ასევე, პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვნისათვის ბრალდებულად ყოფნის ვადა 9-დან 6 თვემდე მცირდება.

ნიშანდობლივია, აგრეთვე, რომ ბავშვებთან მიმართებაში მოწმის დაკითხვის ახალი წესი იმოქმედებს.

რაც შეეხება სასჯელის მოხდის პირობებს, კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანი ბრალდებული არ შეიძლება განთავსდეს სრულწლოვანთან ერთად არათუ ერთ საკანში, არამედ ერთ დაწესებულებაშიც კი.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროექტი იუსტიციის სამინისტრომ  სხვა უწყებებთან თანამშრომლობით, ქართველი და უცხოელი ექსპერტების, ასევე, ევროკავშირისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) რეკომენდაციების საფუძველზე, ევროკავშირის პროექტის  - „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - მხარდაჭერით მოამზადა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics