02:04 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-04 15:32:54, 649 ნახვა

სამართალი
სააპელაციო სასამართლომ ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის სააპელაციო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვა დასრულდა, სადაც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა  და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების გერონტი ალანიას და ვალერიან მეტრეველის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად დარჩა.

„აღნიშნული განაჩენით ივანე მერაბიშვილი ცნობილია დამნაშავედ  სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბისთვის, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 341-ე მუხლით. სასამართლომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ივანე მერაბიშვილს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით და ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლის და 3 თვის ვადით.

უკვე ორი ინსტანციის სასამართლოს მიერაა დადასტურებული, რომ ივანე მერაბიშვილმა ორგანიზება გაუკეთა სანდრო გირგვლიანის საქმის მტკიცებულებების გაყალბებას და დაფარა დავით ახალაიას მონაწილეობა ამ დანაშაულში, კერძოდ:

2006 წლის 27 იანვარს,  ქ. თბილისში,  კაფე-ბარ ,,შარდენბარში“, სანდრო გირგვლიანს სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა თამარ მერაბიშვილის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას სუფრის წევრ თათია მაისურაძესთან, რის გამოც დავით ახალაიას დავალებით, ადგილზე გამოძახებულმა კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებმა  სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე.

გამტაცებლებმა სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი გააშიშვლეს ძლიერ ყინვაში და სასტიკად სცემეს. ნაწამები სანდრო გირგვლიანის გვამი ნანახი იქნა ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

ამ ფაქტიდან მეორე დღეს,  ქ.თბილისის შ.ს. მთავარი სამმართველოს მაშინდელი უფროსის მერაბ ბაღათურიას მიერ მოხდა შინაგან საქმეთა მინისტრ ი.მერაბიშვილის ინფორმირება, როგორც სუფრის წევრების შემადგენლობის, ასევე გირგვლიანის გამტაცებლების, ,,კუდი“-ს თანამშრომლების ვინაობის თაობაზე, შესაბამისად, ი. მერაბიშვილმა დადასტურებულად იცოდა, რომ დანაშაულის ორგანიზატორი იყო  დავით ახალაია, ხოლო შელაპარაკების ადგილას - ,,შარდენბარში“ იმყოფებოდა მისი მეუღლე თამარ მერაბიშვილი.

იმის გამო, რომ ხსენებული ფაქტის გამოაშკარავებით ივანე მერაბიშვილს მოუწევდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარება და თანამდებობის დატოვება, იგი დავით ახალაიასთან ერთად შეუდგა საქმის გაყალბებას და დანაშაულის დაფარვას.

გამოძიების ფალსიფიკაციის გეგმის ფარგლებში შედგა დავით ახალაიას  „საიდუმლო“  წერილი ი.მერაბიშვილისადმი,  თავის მხრივ, ი.მერაბიშვილის „საიდუმლო“ წერილი საქართველოს იმჟამინდელი გენერალური პროკურორის - ზურაბ ადეიშვილისადმი, რომ თითქოს დავით ახალაიას ძალისხმევის შედეგად გამოაშკარავებულ იქნენ სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე  კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები: გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა, რომლებიც  2006 წლის 6 მარტს მიეცნენ ბრალდებულად პასუხისგებაში.

ხსენებულ პირებს, სასჯელის მოხდის საფასურად, ასევე დუმილისა და დანაშაულში უფრო მაღალი თანამდებობის პირების, კერძოდ, დავით ახალაიას ორგანიზატორობის არ განთქმის სანაცვლოდ, ივანე მერაბიშვილმა და დავით ახალაიამ შესთავაზეს და გადასცეს ფინანსური საზღაური 100-100 ათასი ამერიკული დოლარი და აღუთქვეს სასჯელისაგან ვადაზე ადრე გათავისუფლება, რითაც ხელი დააფარეს ამ დანაშაულის ორგანიზატორებს და გააყალბეს საქმის გამოძიება.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ივანე მერაბიშვილისთვის ეს უკვე მესამე გამამტყუნებელი განაჩენია, რომელთაგან ორი უკვე შესულია კანონიერ ძალაში. იგი ამჟამად სასჯელს იხდის კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის დარღვევის, დიდი ოდენობით ფულადი თანხების გაფლანგვის, ამომრჩევლის მოსყიდვის და 2011 წლის 26 მაისს,  მოქალაქეთა მასობრივი დაკავებისა და დარბევის ბრძანების გაცემისთვის.

სასამართლომ ივანე მერაბიშვილის დამნაშავეობის საკითხთან ერთად  ასევე,იმსჯელა საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ვამეხი აბულაშვილის და კახა დაბრუნდაშვილის ეპიზოდებზეც და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების ვალერიან მეტრეველის და გერონტი ალანიას მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი თავისუფლების უკანონო აღკვეთის და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით.

შეგახსენებთ, რომ 2005 წლის 5 ოქტომბერს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დავით ახალაიასთან სიტყვიერი შელაპარაკების გამო,  ვამეხი აბულაშვილი და კახა დაბრუნდაშვილი გაიტაცეს და წაიყვანეს სოფელ ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დავით ახალაიამ, გერონტი ალანიამ, ვალერიან მეტრეველმა და კუდის სხვა თანამშრომლებმა  ისინი უმოწყალოდ სცემეს.

განაჩენით, გერონტი ალანიას და ვალერიან მეტრეველს სასჯელად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით, ჯარიმა თითოეულს 2000 ლარი და ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლის და 3 თვის ვადით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics