19:49 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 15:49:19, 2380 ნახვა

სამართალი
აუდიტის სამსახური მერიის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე შუალედურ ინფორმაციას აქვეყნებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტის ფარგლებში მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით არსებულ შუალედურ ინფორმაციას აქვეყნებს.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2016 წლის 30 დეკემბერს დამტკიცებული 2017 წლის აუდიტორული საქმიანობის გეგმის შესაბამისად ატარებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტს. გეგმიური აუდიტი მოიცავს 2015-2016 წლების პერიოდს. აუდიტი ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ მოხდება ანგარიშის პროექტის მომზადება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით წარმოგიდგენთ შუალედურ ინფორმაციას, აღნიშნული აუდიტის ფარგლებში შესწავლის პროცესში მყოფ 2 საკითხთან დაკავშირებით.

საკითხი N1

აუდიტის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 30 მარტისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 აპრილის განკარგულებებით  შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტის“ საკუთრებაში არსებულ 2 302 კვ.მ მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, მერიამ შპს-ს გადასცა ორი მიწის ნაკვეთი, დელისის ქუჩის მიმდებარედ, ნუცუბიძის ქუჩისა და ინტენსიფიკაციის გზას შორის, საერთო ფართით 6 708 კვ.მ. გასაცვლელი მიწის ნაკვეთები შეაფასა ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, რომლის მიხედვით შპს-ს საკუთრებაში არსებული 2 302 კვ.მ მიწის ღირებულებამ  2016 წლის 11 მარტის მდგომარეობით შეადგინა - 2  615 100 ლარი, ხოლო მერიის მიერ გადაცემული მიწის ნაკვეთების ღირებულებამ - 2 980 200 ლარი. ფასთა შორის არსებული სხვაობა - 365 500 ლარი, შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტმა“ გადაუხადა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს.

შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტისათვის“ მიყენებული ზარალის შეფასებისა და ანაზღაურების პროცესზე, აუდიტის ჯგუფი სწავლობს რამდენიმე საკითხს:

შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტს“ გზის გაყვანით შესაძლო ზარალი მიადგა 2012 წელს. მერიის მიერ კი ზარალის შეფასება და ანაზღაურება განხორციელდა, 2016 წლის მდგომარეობით. კომპანია ზარალის კომპენსაციას ითხოვდა 2012 წლიდან, ფულადი ანაზღაურების სახით. მერიამ ვერ წარმოგვიდგინა შესაბამისი მტკიცებულებები თუ რა თანხის კომპენსაციას ითხოვდა კომპანია და რატომ ვერ მოხდა მასთან შეთანხმების მიღწევა. თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ გზის გაყვანით ზარალის მიღების პერიოდში  შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტმა“ მის საკუთრებაში არსებული 2 მიწის ნაკვეთი, რომლებიც მდებარეობდა 2 302 კვ.მ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ გაასხვისა 1 კვ.მ 223 ლარად, ამ გათვლით 2012 წელს 2302 კვ.მ დაკარგვით მას მიადგებოდა დაახლოებით 513 346 ლარის  ზარალი და სავარაუდოდ სწორედ ამ თანხის ანაზღაურებას მოითხოვდა კომპანია.

მერიამ მოლაპარაკების და ზარალის ანაზღაურების პროცესი წარმართა იმგვარად, რომ საბოლოო ჯამში კომპანიას ზარალი აუნაზღაურა 4 წლის დაგვიანებით და გაცილებით მეტ თანხაზე, კერძოდ გადასცა 2 615 100 ლარის ღირებულების მიწები.

დოკუმენტურად ვერ დგინდება შპს „ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტი“ 2016 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით იყო თუ არა ინფორმირებული, რომ მერია განიხილავდა მისთვის ზარალის ანაზღაურების საკითხს მიწის ნაკვეთების გადაცემის გზით. შესაბამისი მტკიცებულებები მერიის მხრიდან წარმოდგენილი ვერ იქნა. 2016 წლის 29 თებერვალს  შპს „ბი ეს - არ სი დი ჯი დეველოპმენტის“ მფლობელებმა კომპანიის 100%-ნი წილი მიყიდა  შპს „როიალ დეველოპმენტს“ (შპს „როიალ დეველოპმენტის“ 45% წილის მფლობელი - ლევ ნანიკაშვილი; 40%-ოთარ ფარცხალაძე; 15% - მანუახ ნანიკაშვილი) – 232 000 აშშ დოლარად (დაახლოებით 580 000 ლარი ). შპს „ბი ეს - არ სი დი ჯი დეველოპმენტი“ ფლობდა აქტივს - მზიურის მიმდებარე ტერიტორიარე 2 302 კმ.მ მიწის ნაკვეთს და ითხოვდა ზარალის ანაზღაურებას რომელიც მიადგა ახალი გზის გაყვანის გამო. 2016 წლის 29 ივნისს შპს „ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტის“ 100%-ნი წილი  შპს „როიალ დეველოპმენტმა“ 235 000 დოლარად მიყიდა ოთარ ფარცხალაძეს, კომპანიას ამ პერიოდისათვის უკვე საკუთრებაში გააჩნდა, ზარალის ანაზღაურების შედეგად, დელისის ქუჩის მიმდებარედ 2 მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულებაც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით შეადგენდა 2 980 200 ლარს. შესაბამისად თუ ამ მონაცემებს დავეყრდნობით 2016 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით შპს „ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტის“ მფლობელები თანახმა იყვნენ მათ საკუთრებაში არსებული კომპანია, მათ შორის მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე 2302 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, გაესხვისებინათ 232 000 დოლარად (დაახლოებით 580 000 ლარი).

შესაბამისად, შესწავლის საგანია რატომ ვერ უზრუნველყო მერიამ სათანადო კომუნიკაციის წარმოება კომპანიასთან ზარალის ანაზღაურებაზე, და რატომ გახდა აუცილებელი ზარალი ანაზღაურებულიყო გაცილებით მეტი ღირებულებით, კერძოდ 2 615 100 ლარის ღირებულების მიწების ნაკვეთებით.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტი“ 2007 წლიდან ქ. თბილისში, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე ფლობდა 19 297 კვ.მ მიწის ნაკვეთს . 2012 წლის დეკემბერში კომპანიამ მიწის ნაკვეთი დაყო სამ საკადასტრო ერთეულად;

•           ნაკვეთი I  - 2 246 კვ.მ ;

•           ნაკვეთი II – 2 302 კვ.მ ;

•           ნაკვეთი III - 14 749 კვ.მ ; 

2012 წელს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გაყვანილი იქნა ვარაზისხევისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზიდან მე-9 საავადმყოფოსთან ამომავალი გზა (ავალიშვილის ქუჩა). აღნიშნული გზის დაახლოებით 97 მეტრიანმა მონაკვეთმა  გაიარა  შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტის“  საკუთრებაში არსებული ნაკვეთზე. კერძოდ, დაიკავა ნაკვეთი II – 2 302 კვ.მ მიწის დაახლოებით 74% .

2013 წლის 10 იანვარს  შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტმა“ გაასხვისა მის საკუთრებაში, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე, არსებული სამი ნაკვეთიდან ორი: ნაკვეთი I – 2 246 კვ.მ  და ნაკვეთი III – 14 749 კვ.მ, ხოლო ნაკვეთი II – 2 302 კვ.მ დარჩა შპს საკუთრებაში. აღნიშნული 2 მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 16 995 კვ.მ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულ ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტის“ მიერ გასხვისებული იქნა 2 300 000 აშშ დოლარად. ანუ 1 კვ.მ 135 აშშ დოლარად, რაც იმ დროს არსებული კურსის მიხედვით შეადგენს დაახლოებით 223 ლარს .

2014 წლის 4 დეკემბერს შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტმა“ წერილით მიმართა ქ.თბილისის მერს და მოითხოვა გზის გაყვანით მიყენებული ზიანის ანაზღაურება ფულადი კომპენსაციის ან სხვა მიწის ნაკვეთის ჩანაცვლების გზით. წერილში აღნიშნულია: კომპანია მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის 2012 წლიდან ითხოვდა ზარალის ფულად ანაზღაურებას; მერია არ დათანხმდა ფულადი სახსრების არქონის მიზეზით კომპენსაციაზე  და სანაცვლოდ შესთავაზა სხვა მიწის ნაკვეთი; იმ დროისათვის ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა, რადგანაც შეთავაზებული მიწის ნაკვეთები კომპანიისთვის მისაღები არ იყო.

აღსანიშნავია, რომ მერიამ ვერ წარმოგვიდინა 2014 წლამდე შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტთან“ არსებული ოფიციალური მიმოწერა ან რაიმე შეთავაზება ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

2014 წლის 4 დეკემბრის წერილზე მერიის მიერ კომპანიაზე პასუხი გაცემული არ არის. თუმცა 2015 წლის 12 ივნისს ქ.თბილისის საკრებულომ  3 მიწის ნაკვეთი  საკუთრებაში გადასცა სახელმწიფოს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“, იმ პირობით რომ ის ზარალის ანაზღაურების სანაცვლოდ საკუთრებაში გადასცემდა შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტს“. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 1 ივნისის დასკვნის მიხედვით სამივე მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენდა 3 220 000 ლარს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში“ გაგზავნილ წერილში მითითებულია, რომ რადგანაც მოქმედი კანონმდებლობა მუნიციპალიტეტისათვის არ ითვალისწინებდა პირდაპირი განკარგვის ფორმით მიწების კერძო კომპანიებისათვის გადაცემას, ამის გამო ხდებოდა მიწების სახელმწიფოსათვის გადაცემა. გამომდინარე იქედან, რომ მერიის მხრიდან კომპანიისთვის წერილობითი პასუხი გაცემული არ არის, დოკუმენტურად ვერ დგინდება შპს „ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტი“ იყო თუ არა ინფორმირებული მერიის მიერ ზარალის ანაზღაურების საკითხის განხილვის თაობაზე. შესაბამისად არც კომპანიის წერილობითი თანხმობა არსებობს გაცვლასთან დააკავშირებით.

ქონების გადაცემაზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო საქართველოს მთავრობას, ხოლო საკითხის ინიცირება უნდა განხორციელებულიყო საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ. მთავრობაზე საკითხის ინიცირება არ განხორციელებულა. 2016 წლის 11 იანვარს ქ. თბილისის მერმა წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს და ითხოვა გადაცემული მიწების უკან დაბრუნება. აღნიშნული წერილის საფუძველზე 2016 წლის 3 თებერვალს მიწები საკუთრებაში დაუბრუნდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტს.

2016 წლის  29 თებერვალს შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტის“ 100%-ნი წილის მფლობელი  შეიცვალა და მესაკუთრე გახდა შპს „როიალ დეველოპმენტი“. (შპს „როიალ დეველოპმენტის“ 45% წილის მფლობელი - ლევ ნანიკაშვილი; 40%-ოთარ ფარცხალაძე; 15% - მანუახ ნანიკაშვილი)

2016 წლის 29 თებერვალს შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტმა“ კვლავ მიმართა მერიის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ 2 302 კვ.მ მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, ზარალის ანაზღაურება განხორციელებულიყო კომპანიისთვის 3 მიწის ნაკვეთის ჩანაცვლებით. კერძოდ: 2 მიწის ნაკვეთი ქ.თბილისში, ნუცუბიძის ქუჩისა და ინტენსიფიკაციის გზას შორის ნაკვეთი I–1193 კვ.მ . (ს.კ. 01.14.15.01.314 ) და ნაკვეთი  II – 5515 კვ.მ.  (ს.კ. 01.14.15.001.316) და ნუცუბიძე ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი III-2173 კვ.მ. (ს.კ. 01.10.11.001.168). აღნიშნულ წერილზე 2016 წლის 22 მარტს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა“ უპასუხა წერილობით (N01-8/1820), რომ “გაცვლის საკითხები განიხილება უფლებამოსილი ორგანოების მიერ, რომელთა გადაწყვეტილების შესაბამისად, სააგენტო გაატარებს შესაბამის პროცედურებს.“

2016 წლის 25 მარტს კომპანიამ კვლავ მიმართა თბილისის მერიის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ და ამჯერად მოითხოვა შპს-ს საკუთრებაში არსებული 2 302 კვ მ მიწის ფართის სანაცვლოდ, ქ. თბილისში დელისის ქუჩის მიმდებარედ ორი ნაკვეთი: ნაკვეთი I – 1 193 კვ.მ , ნაკვეთი II – 5 515 კვ.მ . ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 30 მარტისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 აპრილის განკარგულებებით  შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტის“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა.  

საკითხი N2

2016 წლის 27 ივლისს შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტის“ 100%-იანი წილის მფლობელმა და დირექტორმა ოთარ ფარცხალაძემ წერილით მიმართა თბილისის მერიას: „ჩვენი კომანია ფლობს უძრავ ქონებას (ს/კ 01.14.15.001.316 და ს/კ 01.14.15.001.314), რომელზეც დაგეგმილი აქვს სამშენებლო პროექტების განხორციელება. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში საინტერესო არის ჩვენი ნაკვეთების მომიჯნავედ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  01.14.15.001.315 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ აუქციონის ფორმით შეგვასყიდოთ ნუცუბიძის ქუჩასა და ინტენსიფიკაციის გზას შორის არსებული 3 557 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, სადაც განთავსებულია მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის კოსმოფიზიკური ობსერვატორია. კომპანია იღებს ვალდებულებას ს/კ 01.14.15.001.315 რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე აუქციონში გამარჯვებიდან 2 წლის ვადაში ააშენოს 200 კვ.მ ცალკე მდგომი შენობა-ნაგებობა; გადაიტანოს ძველ შენობაში არსებული ინსტიტუტის ფუნქციონირებისათვის საჭირო ტექნიკა, სადაც შემდგომში განთავსდება ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის კოსმოფიზიკური ობსერვატორია და აღნიშნულ ფართს კომპანია შენობა-ნაგებობის ექსპლოატაციაში მიღებიდან ერთი თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს საკუთრებაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს.“

შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტითვის“ გადაცემული და აუქციონით შეძენილი ქონება

 2016 წლის 31 აგვისტოს მუნიციპალიტეტმა შპს-ს მიერ მოთხოვნილ ქონებაზე გამოაცხადა აუქციონი. აუქციონზე გამოტანილი იქნა 3 557 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე დამაგრებული 625.6 კვ.მ შენობა-ნაგებობით, საწყისი ღირებულებით 961 000 ლარი. აღნიშნული ქონების შეფასება განხორციელდა აუდიტორული ფირმა შპს „კომპაუდის“ დასკვნის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც 1 კვ.მ მიწის ღირებულება შენობა-ნაგებობით  განისაზღვრა  274 ლარად. აღსანიშნავია, რომ  პრივატიზებული ფართის მომიჯნავედ 1 კვ.მ მხოლოდ მიწის ნაკვეთის ღირებულება, სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, 2016 წლის 11 მარტის მდგომარეობით შეადგენდა - 464 ლარს. შესაბამისად თუ გავითვალისწინებთ 1კვ.მ მიწის ღირებულებად 464 ლარს, ფასი მხოლოდ 3 557 კვ.მ მიწის შემთხვევაში (შენობა-ნაგებობების გარეშე) იქნებოდა 1 650 400 ლარი .

გამოცხადებულ აუქციონში მოთხოვნილი იყო შემდეგი აუცილებელი პირობები:

•           მომიჯნავე საკადასტრო ერთეულთან გაერთიანება;

•           აუქციონის ჩატარებიდან არაუმეტეს ორი წლის ვადაში 200 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ცალკე შენობის აშენება ან არსებული შენობის 200 კვ.მ რეკონსტრუქცია და შემდგომში მუნიციპალიტეტისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა;

გამოცხადებული აუქციონი ჩატარდა უკონკურენტო გარემოში და მონაწილეობა მიიღო მხოლოდ შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტმა“ , რომელმაც შეიძინა აღნიშნული ქონება, ღირებულებით - 975 400 ლარი .

 არსებობს რისკი, რომ უკონკურენტო გარემოსა და შპს  „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტის“ გამარჯვებას ხელი შეუწყო აუქციონის პირობამ, რომლის მიხედვითაც აუცილებელი მოთხოვნა იყო მომიჯნავე საკადასტრო ერთეულთან გაერთიანება. აღსანიშნავია, რომ მომიჯნავე საკადასტრო ერთეულს უკვე ფლობდა შპს  „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტი“, რომელიც  გაცვლის შედეგად მიღებული ჰქონდა მერიისგან“, - ნათქვამია აუდიტის სამსახურის განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics